Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკა: მინსკი მოსკოვისგან მიიღებს უახლეს შეიარაღებას


ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ კრემლთან მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც რუსეთი ბელარუსს გადასცემს ათობით სამხედრო თვითმფრინავს, ვერტმფრენს, ასევე საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, რომელთა შორის შეიძლება იყოს S-400 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები.

მისი სიტყვებით, შესაბამის განკარგულებას სამშაბათს მოეწერა ხელი. ლუკაშენკამ თქვა, რომ საქმე ეხება „ყველაზე თანამედროვე აღჭურვილობას“. ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა თქვა, რომ იმ შეიარაღების საბოლოო ჩამონათვალი, რომელსაც მოსკოვი მინსკს გადასცემს, შეთანხმდება რუსეთ-ბელარუსის სამხედრო წვრთნის, „ზაპად 2021“-ის ჩატარების შემდეგ.

სტრატეგიული მანევრები 10-16 სექტემბერს გაიმართება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, მასში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 200 ათასი სამხედრო მოსამსახურე, ასევე 760 ერთეული სამხედრო ტექნიკა და 15 ხომალდი.

9 სექტემბერს მოსკოვში გაიმართება ლუკაშენკასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა. როგორც გუშინ განაცხადა ბელარუსის ელჩმა მოსკოვში, ვლადიმირ სემაშკომ, მხარეები ხელს მოაწერენ რამდენიმე „გზამკვლევ“ შეთანხმებას რუსეთისა და ბელარუსის ინტეგრაციის თაობაზე. თუმცა ამის შემდეგ საელჩომ უარყო მისი სიტყვები. თავად ლუკაშენკა ამბობს, რომ დოკუმენტებს ოქტომბერ-ნოემბერში შეიძლება მოეწეროს ხელი.

ლუკაშენკა ივლისში აცხადებდა, რომ ბელარუსში რუსეთის სამხედრო ბაზების განთავსების აუცილებლობა არ არის, მაგრამ მან დაუშვა საჭიროების შემთხვევაში ბელარუსში რუსეთის ჯარების გადასროლა. ადრე ლუკაშენკას ნათქვამი აქვს, რომ მის მთავრობას ნახევარ მილიონამდე ჯარისკაცის მობილიზება შეუძლია.

XS
SM
MD
LG