Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხომ არ ვყრით ფულს? - გვჭირდება თუ არა, საზღვარგარეთ, აცრის დასტურად აპოსტილი


სოციალურ ქსელებში მრავლად იძებნება საზღვარგარეთ გამგზავრების მსურველთა დაბნეული კომენტარები და შეკითხვები COVID-19-ის ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტებთან დაკავშირებით.

განსაკუთრებულ დაბნეულობას იწვევს კოვიდბარათების აპოსტილით დამოწმების საჭიროება, მით უფრო, რომ ეს სერვისი არცთუ იაფია და საფასური, ვადების მიხედვით, 220 ლარამდეც ადის. პოტენციურ მოგზაურთა ერთ ნაწილს აინტერესებს - ყველა ქვეყანაში სჭირდება თუ არა აპოსტილით დამოწმებული კოვიდბარათი და ტყუილად ხომ არ „ყრის“ ფულს. ზოგიც ირწმუნება, რომ აპოსტილით დამოწმებულ დოკუმენტებს არსად ითხოვენ.

  • ვის სჭირდება აპოსტილით დამოწმებული კოვიდბარათი საზღვარგარეთ გასამგზავრებლად?
  • აუცილებელია თუ არა ისედაც ინგლისურენოვანი კოვიდბარათის დამოწმება?
  • სად და ვინ უნდა დაგვაკვალიანოს?

26 აგვისტოს თამთა საფრანგეთში მიფრინავდა. ე.წ. კოვიდბარათი (ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა) იუსტიციის სახლში აიღო და შემდეგ, ამ ცნობის ფრანგულად თარგმნასა და აპოსტილით დამოწმებაში იქვე 105 ლარიც გადაიხადა.

თამთამ ამ წუთამდე არ იცის, სჭირდებოდა თუ არა საერთოდ ეს, მაგრამ, ფეისბუკის მითქმა-მოთქმის გამო, საბუთი მაინც გააკეთებინა, "ზედმეტი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით".

როცა მესაზღვრემ საზღვარზე კოვიდპასპორტი მოსთხოვა, თამთამ აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტი აჩვენა და თავისუფლად გაატარეს. მაგრამ შეკითხვა შეკითხვად დარჩა - სჭირდებოდა კი ნათარგმნი და დამოწმებული?!

27 აგვისტოდან, გაუარესებული კოვიდვითარების გამო, საფრანგეთს საქართველო წითელი ზონის ქვეყნების ნუსხაში ჰყავს შეყვანილი. თუმცა საქართველოს საელჩოს ოფიციალური ფეისბუკგვერდი გვატყობინებს, რომ საფრანგეთში შესვლა ისევ შესაძლებელია და ერთ-ერთ საბუთად საჭიროა - „საზღვრის კვეთისას სავალდებულოა ვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა (ე.წ. COVID-19 ბარათი, QR კოდით)“.

გასაგებია, მაგრამ ტექსტში არ ჩანს, უნდა იყოს ეს საბუთი ნათარგმნი და აპოსტილით დამოწმებული თუ ის ე.წ. კოვიდბარათიც საკმარისია, რასაც მანამდე ვაქცინაციის ცენტრებში გასცემდნენ და 17 აგვისტოდან უკვე იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრებიც გასცემენ.

კოვიდბარათი მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

  • სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციის შესახებ, აცრის უნიკალურ QR კოდს და ბოლო PCR-კვლევის პასუხს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • დოკუმენტი დამოწმებულია იუსტიციის სახლის შტამპით;
  • კოვიდბარათზე განცხადების წარდგენა უფასოა და დოკუმენტი განცხადების წარდგენისთანავე, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე, რამდენიმე წუთში გაიცემა.
  • დოკუმენტი ორენოვანია - ქართული და ინგლისური.

კოვიდბარათის საფუძველზე, იქვე, იუსტიციის სახლშია შესაძლებელი დოკუმენტის სხვა ენებზე თარგმნაც და შემდეგ უკვე დოკუმენტის შინაარსის აპოსტილით დადასტურებაც.

ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია.

იუსტიციის სახლში აღებული კოვიდბარათი
იუსტიციის სახლში აღებული კოვიდბარათი

აპოსტილით დამოწმების საფასური, ვადების გარდა, იმაზეა დამოკიდებული, საჭიროა თუ არა კოვიდბარათზე დატანილი ინფორმაციის თარგმნა სხვა ენებზე. ფასი 25-დან 220 ლარამდე მერყეობს.

  • 11 სამუშაო დღე: 65 ლარი თარგმნით; 25 ლარი თარგმნის გარეშე;
  • 7 (4+3) სამუშაო დღე: 105 ლარი თარგმნით; 45 ლარი - თარგმნის გარეშე;
  • 5 (2+3) სამუშაო დღე: 165 ლარი თარგმნით; 75 ლარი თარგმნის გარეშე;
  • 1 სამუშაო დღე: 220 ლარი თარგმნით; 100 ლარი თარგმნის გარეშე.

ლოგიკურია ვიგულისხმოთ, რომ დოკუმენტი ორენოვანი იმიტომ არის, რომ ის საზღვარგარეთ გასვლის შემთხვევებზეა გათვლილი. მაშინ რაღა საჭიროა აპოსტილით დამოწმება და დამატებით მინიმუმ 25 ლარის გადახდა?

„იუსტიციის სახლის შტამპი ქართულენოვანია. დამოწმებისას ხდება ყველა წარწერის დამოწმება, რომ ნამდვილად ნამდვილია. თუმცა ჩვენ ამჟამად უკვე ვმუშაობთ და ძალიან მალე ხელმისაწვდომი გახდება ინგლისური შტამპიც“, - გვეუბნება იუსტიციის სახლის მარკეტინგისა და მომსახურების განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი, ანი გიგინეიშვილი.

თუმცა, თუკი ორენოვან დოკუმენტს კარგად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ მასში ზოგიერთი კლინიკის სახელიც ქართულად არის მოცემული.

შესაბამისად, ფეისბუკში ხშირია შეკითხვა - აუცილებელია თუ არა ნახევრად ინგლისურენოვანი დოკუმენტის მთლიანად თარგმნა?

ივლისის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავდნენ, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის ცნობის აპოსტილით დამოწმება „წარმოადგენს დროებით ღონისძიებას“, საქართველოში გაცემული დოკუმენტების „QR კოდების ევროკავშირის სივრცესთან მიერთებამდე" და რომ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

ამ პრობლემის გადაწყვეტის შემთხვევაში, მოიხსნებოდა შეკითხვები და დაბნეულობა მინიმუმ ევროკავშირის ქვეყნებთან მიმართებით.

იმის გამო, რომ ქართულენოვან წყაროებში მწყობრად ვერსად გაეცნობით ინფორმაციას იმის შესახებ - სად რა ფორმით ითხოვენ ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს, სოციალურ ქსელებში ხალხი ერთმანეთის დაკვალიანებას ცდილობს და მათ შორის, ზოგჯერ - მცდარი ინფორმაციითაც.

შესაბამისად, საჭიროა თუ არ არის საჭირო, ყველა მაინც ცდილობს, თავი არ აიტკიოს - აცრის დოკუმენტი სამიზნე ქვეყნის ენაზე ათარგმნინოს კიდეც და აპოსტილითაც დაამოწმებინოს.

ვინ უნდა დაგვაკვალიანოს?

ზუსტად რომელ ქვეყანაში დაგჭირდებათ ან არ დაგჭირდებათ დოკუმენტის თარგმნა და აპოსტილით დამოწმება - ამას იუსტიციის სახლში ვერ გეტყვიან.

„სჭირდება თუ არა კოვიდბარათის თარგმნა და აპოსტილით დამოწმება, ამ სახის კონსულტაციას იუსტიციის სახლი არ გასცემს. მომხმარებელმა თავად უნდა იცოდეს, სჭირდება თუ არა. არ არის ეს იუსტიციის სახლის კომპეტენცია, გავარკვიოთ - რომელი ქვეყანა ითხოვს ამას და რომელი არა. მოთხოვნები სწრაფად იცვლება.

ჩვენ არ ვუბიძგებთ მოქალაქეებს, რომ აუცილებლად დაამოწმონ აპოსტილით. ასეთი მომსახურება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მომხმარებელი ამგვარი თხოვნით მოგვმართავს. თუ სჭირდება მას ეს, კანონით დადგენილ ვადებისა და საფასურის მიხედვით დავუმზადებთ.

იუსტიციის სახლის მიზანი რეალურად არის ის, რომ მოქალაქეებს გაუადვილოს სერვისის მიღება და თანაც, მის სახლთან ყველაზე ახლოს მდებარე წერტილში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას იუსტიციის სახლის მარკეტინგისა და მომსახურების განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა, ანი გიგინეიშვილმა.

ამას ზუსტად ვერც ტურისტული სააგენტოებისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლობებში გეტყვიან.

როგორც „დისქავერი თრეველის“ მენეჯერმა, ლიკა მელანაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას - ინფორმაცია იმდენად სწრაფად შეიძლება შეიცვალოს, რომ ყველა მიმართულების გადამოწმება ჭირს და მგზავრებმა საბუთებთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია თავად უნდა მოიძიონ.

„ჩვენ უბრალოდ ვურჩევთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გადაამოწმონ ეს ინფორმაცია“, - გვეუბნება ის.

საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტისა და საელჩოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ძალიან რთულია ზუსტი ინფორმაციის ამოკითხვა აპოსტილის საჭიროებასთან დაკავშირებით.

  • მაგალითად, კვიპროსის შემთხვევაში ატვირთული ინფორმაციის თანახმად, საზღვრის კვეთისას „სავალდებულოა ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა (ე.წ. COVID-19 ბარათი, QR კოდით)“. მაგრამ არც აქ ჩანს, საჭიროა თუ არა დოკუმენტის დამოწმება აპოსტილით. ნანამ, რომელიც კვიპროსში მიემგზავრება, იქ მცხოვრები მეგობრების საშუალებით დაადგინა, რომ აპოსტილით დამოწმება საჭირო არ არის.
  • ლიეტუვის შემთხვევაში წერია, რომ ქვეყანაში შესვლისას, საზღვარზე აუცილებელია „ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (ე.წ. COVID-19 ბარათის) წარდგენა, ევროკავშირის ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე“. აპოსტილის შესახებ არაფერია ნათქვამი, არადა, ლიეტუვაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ფეისბუკზე დაბეჯითებით ირწმუნებიან - რომ ლიეტუვა ვაქცინაციის ცნობის აპოსტილით დამოწმებასაც ითხოვს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს შეკითხვებით ჩვენც მივმართეთ. გვაინტერესებდა - ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებას კონკრეტულად რომელი ქვეყანა ითხოვს და სადმე თუ უდევს უწყებას ზუსტი ინფორმაცია უმეტესობისთვის გასაგებ ქართულ ენაზე?

პასუხებს დაგვპირდნენ. გამოვაქვეყნებთ მიღებისთანავე, იქამდე კი, რადიო თავისუფლებაც უპასუხოდ დარჩა.

ბევრი, ვინც სოციალურ ქსელებში აპოსტილის საკითხით არის დაინტერესებული, საჭიროების მტკიცებისას ეყრდნობა საქართველოს მთავრობის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ამ ცნობას:

„იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს, კოვიდ-ბარათი საქართველოს ფარგლებს გარეთ წარსადგენად, აპოსტილი/ლეგალიზაციით დამოწმებული ესაჭიროება, აღნიშნული სერვისის მიღებას ისინი იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეძლებენ“.

ამავე შინაარსის განცხადებაა გამოქვეყნებული დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) ოფიციალურ ვებსაიტზე. შესაბამისად, ისევ ბუდოვანია, ვის ესაჭიროება აპოსტილით „კოვიდის პასპორტის“ დამოწმება ნამდვილად? ხომ არ „ვყრით“ ფულს?

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG