„13 წლის წინ, რუსეთის ფედერაციამ ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევა განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ, რომლის დროსაც ასობით სამოქალაქო და სამხედრო პირი დაიღუპა, ათობით ქართული სოფელი ცეცხლში დაიფერფლა და განადგურდა, რითაც ეთნიკური წმენდის კიდევ ერთი ტალღა აგორდა და ასობით ათასი ეთნიკურად ქართველი სახლებიდან განიდევნა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, შედეგად, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონი, რამაც შეარყია მთელი ევროპული უსაფრთხოება და კანონებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი.
„მოგვიანებით, 2014 წელს, უკრაინამაც იგივე ბედი გაიზიარა. ჩვენ გავხდით რუსეთის მიზანმიმართული პოლიტიკის მომსწრენი, რომელიც სამშვიდობო პროცესების შერყევისკენ, ადგილზე უსაფრთხოების დესტაბილიზაციისკენ, კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ტვირთის დამძიმებისკენ არის მიმართული და ეს ყველაფერი საერთაშორისო ვალდებულებების - რაც მთავარია, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნიველირებით - ხდება. მოუგვარებელი კონფლიქტები ბნელ სურათს უქმნის რეგიონის ქვეყნებს, ხოლო მთელ ევროპულ და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას ძირს უთხრის. ჩვენს პარტნიორებთან ერთობლივი ძალისხმევის განხორციელებისას, უფრო ძლიერი პოზიცია უნდა გვეჭიროს უკანონო ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიის მიმართ. რეგიონში არსებული კონფლიქტების მოგვარების გარეშე, დასავლეთს აუცილებლად მოუწევს დესტაბილიზაციის მზარდ წყაროებთან პირისპირ შეხება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი სიტყვებით, ამ პლატფორმის შექმნა შესაძლებლობას იძლევა, საოკუპაციო ძალების მიერ ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი საშინელებების შესახებ ვისაუბროთ.
„მსოფლიოს უნდა შევახსენოთ, რომ ყირიმი უკრაინაა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გლობალური პანდემიის პირობებში ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და უკრაინის მეგობრობაზე. მისი სიტყვებით, უკრაინა და საქართველო ერთად დგანან მშვიდობისა და ომიანობის ჟამს - საერთო მტრის წინააღმდეგ:
„უკრაინელები ქართველებთან ერთად იბრძოდნენ რუსი აგრესორების წინააღმდეგ 90-იან წლებში რუსეთის მიერ ინსპირირებული და რუსეთის მონაწილეობით მიმდინარე შეიარაღებულ ბრძოლებში. ლეონიდ ტკაჩუკი, რომლის დანაწევრებული ცხედარი ნაპოვნი იქნა და ოჯახს სულ რამდენიმე დღის წინ გადაეცა, იმ მამაცი უკრაინელების სიმბოლოდ წარმოჩინდება, რომლებიც იბრძოდნენ და დაიღუპნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. მისი თავგანწირვა ქართველებმა სახელმწიფო ჯილდოთი დააფასეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, „ყირიმის პლატფორმის“ სამიტში მონაწილეობს, რომელსაც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები ესწრებიან.