Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულიდან ევაკუაციას ისევ ელოდება ათასობით ადამიანი


ქაბულის აეროპორტი
ქაბულის აეროპორტი

ქაბულის აეროპორტში 6 ათასამდე ადამიანი ელოდება ამერიკულ ავიარეისებს ავღანეთიდან ევაკუაციისთვის - ამის შესახებ 19 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა.

ამერიკელებთან ერთად რეისებს ელოდებიან ავღანელები, რომელთა საიმიგრაციო ვიზის საკითხი უკვე მოგვარებულია. პრაისის ინფორმაციით, სავიზო პრობლემების გადასაწყვეტად, პარასკევს ქაბულის აეროპორტში გაორმაგდება აშშ-ის საკონსულოს თანამშრომლების რაოდენობა და ჯგუფები გაიგზავნა კატარსა და ქუვეითშიც.

ქაბულის აეროპორტამდე მისვლა უკიდურესად გართულებულია, რადგან თალიბებს გზები ჩაკეტილი აქვთ. ნედ პრაისის განცხადებით, აშშ-ის მთავრობას არ გააჩნია აეროპორტის ტერიტორიიდან გასვლის და აეროპორტს მიღმა მყოფი მოქალაქეების ევაკუაციის რესურსი. ჟურნალისტების შეკითხვას, მიმართა, თუ არა ვაშინგტონმა დასახმარებლად სხვა ქვეყნებს, პრაისმა უპასუხა, რომ რთულად მოიძებნება სახელმწიფო, რომელსაც ასეთი შესაძლებლობა აქვს.

ბოლო ხუთ დღეში ამერიკული თვითმფრინავებით ავღანეთიდან გაიყვანეს 7 ათასამდე ადამიანი, მათ შორის ავღანელები. ევაკუაციის პროცესის უსაფრთხოებისთვის ქაბულის აეროპორტის თავზე პატრულირებენ აშშ-ის არმიის რეაქტიული თვითმფრინავები.

ქაბულიდან საკუთარი მოქალაქეების და თალიბანის რეჟიმს გაქცეული ავღანელების ევაკუაციას ცდილობენ სხვა სახელმწიფოებიც. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ქაბულში იმყოფება სატრანსპორტო თვითმფრინავი, თუმცა, კანადელების და ავღანელების სრულად და უსაფრთხოდ ევაკუაცია რთულია, რადგან თალიბებს აეროპორტამდე მისასვლელი გზები ისევ დაბლოკილი აქვთ.

გასულ საღამოს ქაბულიდან მეცხრე საევაკუაციო რეისი შეასრულა გერმანულმა თვითმფრინავმა, რომელმაც ავღანეთიდან გაიყვანა 150-ზე მეტი ადამიანი. გერმანელმა სამხედროებმა, ბოლო დღეებში, ავღანეთიდან გაიყვანეს 1000-ზე მეტი ადამიანი.

გერმანიის დახმარებით, ქაბულიდან ევაკუირებულია საქართველოს ორი მოქალაქეც, რომლებიც ბრიტანულ კომპანიაში მუშაობდნენ. მანამდე, უნგრეთის სპეცრეისით ქაბულიდან თბილისში დაბრუნდა ამერიკულ კომპანიაში დასაქმებული 6 ქართველი. ავღანეთში რჩება საქართველოს ათზე მეტი მოქალაქე, რომელთა ევაკუაცია ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

სააგენტო Reuters-ი ნატოს ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო ხუთ დღეში, ქაბულის აეროპორტიდან ევაკუირებულია 18 000-ზე მეტი ადამიანი.

ავღანეთიდან უცხო ქვეყნების მოქალაქეების ევაკუაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც რადიკალურმა დაჯგუფება თალიბანმა 20 წლის წინ დაკარგული ძალაუფლება დაიბრუნა. დასავლეთის სახელმწიფოები ცდილობენ საკუთარ მოქალაქეებთან ერთან ქაბულიდან გაიყვანონ ავღანელები, რომლებიც აშშ-თან, ნატოსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობდნენ, ან ავღანეთის სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობდნენ. ცნობები მათზე თალიბების შურისძიების დაწყების შესახებ, ბოლო დღეებში სულ უფრო ხშირად ვრცელდება.

თალიბანმა ავღანეთის სამთავრობო ძალებზე ინტენსიური შეტევა ივლისიდან დაიწყო და 15 აგვისტოს კონტროლი დაამყარა დედაქალაქ ქაბულზეც. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა.

თალიბანმა, რომლის რეჟიმი 2001 წელს დაემხო ნატოს საერთაშორისო ოპერაციის შედეგად, ძალაუფლება მას შემდეგ დაიბრუნა, რაც ქვეყნიდან გასვლა დაიწყეს საერთაშორისო კოალიციურმა ძალებმა აშშ-ის მეთაურობით. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის საბოლოო გადაწყვეტილება ამ გაზაფხულზე მიიღო, რის შემდეგაც "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" ჩართული სამხედროები გაიწვიეს ნატოს სხვა სახელმწიფოებმაც და ალიანსის პარტნიორმა ქვეყნებმა. მათ შორის იყო საქართველო, რომელმაც თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეების ავღანეთიდან გაყვანა 2021 წლის ივნისის ბოლოს დაასრულა.

XS
SM
MD
LG