Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება არ განიხილავს ირაკლი ბებუას ვადამდე გათავისუფლების საკითხს


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა, კერძოდ, ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, „საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა აფხაზეთში გასამართლებულია ჩადენილი დანაშაულის გამო და სასჯელს იხდის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად“.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ განცხადებაში, რომელიც ეხება შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანის მიერ უწყების სტრატეგიის წარდგენისას მოყვანილ ფაქტებს, მათ შორის, მოქალაქეთა უკანონოდ დაკავების შემთხვევებს, ნათქვამია, რომ ირაკლი ბებუას "ვადამდე გათავისუფლების საკითხი არ განიხილება".

3 აგვისტოს, თბილისში, სტრატეგიის პრეზენტაციისას თეა ახვლედიანმა თქვა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უკანონო პატიმრობაში ჩება ორი მოქალაქე - ირაკლი ბებუა და გენადი ბესტაევი.

„რწმენას გამოვთქვამ, რომ მათი გათავისუფლების საკითხი უახლოეს მომავალში ისევე გადაწყდება ჰუმანიტარულ ჭრილში, როგორც ეს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა ზაზა გახელაძის შემთხვევაში“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

28 წლის ირაკლი ბებუა ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო სასჯელს იხდის 2020 წლის დეკემბრიდან. ირაკლი ბებუა 2020 წლის სექტემბერში, გალის რაიონში დააკავეს აფხაზეთის „სახელმწიფო დროშის“ დაწვისთვის. მოგვიანებით, დე ფაქტო შსს-მ განაცხადა, რომ ირაკლი ბებუას სახლის ჩხრეკისას ხელყუმბარა აღმოაჩინეს. ე.წ. სასამართლომ ბებუა დამნაშავედ ცნო „სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის“, „სხვისი ქონების განზრახ დაზიანების“ და „საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვისთვის“ და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ირაკლი ბებუას დევნილი ოჯახი აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, 90-იანი წლებიდან თბილისში ცხოვრობს. რამდენიმე წლის წინ, ირაკლი ბებუა გალში ჩავიდა მოხუცი ბებიის მოსავლელად, თბილისში დაბრუნება კი ვეღარ მოახერხა ჩაკეტილი, ე.წ. საზღვრის გადასაკვეთად დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დადგენილი საბუთების არქონის გამო.

XS
SM
MD
LG