Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვრცელდება წერილი, რომელშიც ილია მეორე პრემიერს ეკლესიისთვის ანჩისხატის გადაცემას სთხოვს


ხელოვნების მუზეუმის დასაცავად ორგანიზებულ აქტივისტთა ჯგუფი ავრცელებს წერილს, რომელიც პატრიარქმა პრემიერ-მინისტრს და კულტურის მინისტრს 2 აგვისტოს მისწერა. წერილში ილია მეორე სახელმწიფოს ხელოვნების მუზეუმში დაცული ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემას ითხოვს და აღნიშნავს, რომ ხატისთვის ანჩისხატში დამზადებულია სპეციალური ვიტრინა.

წერილის ავთენტურობას არც ადასტურებს და არც უარყოფს საპატრიარქო. დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ყველა ოფიციალურ დოკუმენტს საქართველოს ეკლესია ოფიციალურ საკომუნიკაციო არხებზე ათავსებს და ამა თუ იმ დოკუმენტის ნამდვილობის დასადგენად შეგვიძლია ეს მინიშნება გამოვიყენოთ. საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე პატრიარქის 2 აგვისტოს წერილი განთავსებული არ არის.

რადიო თავისუფლებას დოკუმენტის ავთენტურობა დაუდასტურეს მთავრობის ადმინისტრაციაში.*

ანჩისხატში სახატე ვიტრინა ანჩისხატისთვის 2021 წლის მარტიდან არის განთავსებული.

კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, ხელოვნების მუზეუმის ევაკუაცია 5 აგვისტოდან იწყება და შენობა სრულად ათასობით ექსპონატისგან რამდენიმე თვეში უნდა დაიცალოს. ევაკუაციის 10-გვერდიან გეგმაში არ წერია, სად მიდის მუზეუმის ოქროს ფონდი.

5 აგვისტოს ხელოვნების მუზეუმის დასაცავად მის წინ ორი აქციაა დაგეგმილი.

* მასალა განახლებულია. გამოქვეყნებისას რადიო თავისუფლება აზუსტებდა მთავრობის ადმინისტრაციასა და კულტურის სამინისტროში წერილის ავთენტურობას. გამოქვეყნებიდან 1 საათში მთავრობის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ ეს წერილი მათ ნამდვილად მიიღეს.
XS
SM
MD
LG