იმ ქვეყნების ნაწილმა, რომლებმაც მოსახლეობა ჩინური წარმოების კოვიდ-ვაქცინით, „სინოვაკით“ აცრეს, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოქალაქეებს მესამე, ე.წ. „ბუსტერ“ დოზა ვაქცინა გაუკეთონ. „ბუსტერებად“ კი ისინი ძირითადად ირჩევენ ამერიკული წარმოების „ფაიზერსა“ და „მოდერნას“, ან ოქსფორდის „ასტრაზენეკას“. განსაკუთრებული აქცენტი მედპერსონალსა და 50 წელს ზემოთ მოქალაქეებზე კეთდება. ერთ-ერთი უკანასკნელი გამოკვლევის თანახმად, რომელიც ტაილანდში გამოქვეყნდა, „სინოვაკით“ აცრილი მოქალაქეები, ყოველ 40 დღეში, ვაქცინაციით გამომუშავებული ანტისხეულების 50%-ს კარგავენ. რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველო? შესთავაზებს თუ არა ჩინური ვაქცინებით აცრილ მოქალაქეებს ე.წ. „ბუსტერ“ დოზებს? ექნება საქართველოს იმ რაოდენობის მაღალეფექტური ვაქცინა, რომ უკვე აცრილი მოქალაქეებს მესამე დოზა ვაქცინა შესთავაზოს?
საქართველოს, ამ ეტაპზე, 300 ათასი ადამიანის ასაცრელი დოზა „სინოვაკი“ (600 000 დოზა) აქვს მიღებული. აქედან 100 000 ჩინეთის საჩუქარია, ნახევარი მილიონი დოზა „სინოვაკი“კი, რომელიც საქართველოში 2 ივლისს ჩამოვიდა, მთავრობამ მწარმოებელ კომპანიასთან მოლაპარაკებების შედეგად შეიძინა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 18 ივლისის მონაცემებით, საქართველოში „სინოვაკით“ ერთჯერადად აცრილია 46 358 ადამიანი. ორი დოზით კი 40 347. ქვეყანაში მასობრივი იმუნიზაცია ივლისის დასაწყისში სწორედ ჩინური ვაქცინებით, „სინოვაკითა“ და „სინოფარმით“ დაიწყო. ამ დროისათვის, საქართველოში, ყველაზე მეტი, 100 000 ადამიანი „სინოფარმითაა“ აცრილი.
ჩინური ვაქცინა, მსოფლიო და "ბუსტერი"
დღევანდელი მონაცემებით, ჩინური წარმოების „სინოვაკით“, მსოფლიოს 37 ქვეყნის მოსახლეობა იცრება. ამ ქვეყნებს შორის არ არის აშშ და ევროკავშირის წევრი ქვეყნები.
სამაგიეროდ, აზიის ქვეყნებში, იმუნიზაციის პროცესში, ჩინური ვაქცინა და მათ შორის, „სინოვაკი“, ერთ-ერთი წამყვანი ვაქცინაა. „სინოვაკითა“ და „სინოფარმით“ უკვე მილიონობით ადამიანია აცრილი. თუმცა, უკანასკნელი კვირებია, ამ ვაქცინების ეფექტურობის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები გამოითქმის. ამჯერად, აზიის ქვეყნების ნაწილი, რომლებმაც საყოველთაო იმუნიზაციის პროცესში, თავის დროზე, უპირატესობა „სინოვაკს“ მიანიჭეს, აცხადებენ, რომ მოსახლეობის ასაცრელად სხვა ვაქცინას გამოიყენებენ.
ასე მაგალითად, გასულ კვირაში, ტაილანდის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ცვლის ვაქცინაციის პოლიტიკას - ორი დოზა „სინოვაკის“ ნაცვლად, მოსახლეობა პირველ დოზად მიიღებს „სინოვაკს“, მეორე დოზად კი „ასტრაზენეკას“. ხოლო სამედიცინო მუშაკები, რომლებიც ორი დოზა „სინოვაკით“ არიან აცრილები, დამატებით, ე.წ. „ბუსტერ“ დოზად სხვა ვაქცინას მიიღებენ.
ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო გასულ კვირაში ინდონეზიამაც. იქ ორი დოზა „სინოვაკით“ აცრილ სამედიცინო პერსონალს ამერიკული წარმოების „მოდერნას“ გაუკეთებენ.
ეს გადაწყვეტილებები მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ინდონეზიასა და ტაილანდში, ორი დოზით ვაქცინირებული ასობით მედმკუშაკი დაინფიცირდა. მათგან 2 მედმუშაკი ტაილანდში გარდაიცვალა, 30 კი ინდონეზიაში. ამ დროისათვის ორივე ქვეყანა Covid19-ის ახალ აფეთქებას ებრძვის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, არ არის საკმარისი ინფორმაცია მედმუშაკთა ინფიცირებისა და გარდაცვალების შესახებ და მოუწოდებს ტაილანდისა და ინდონეზიის მთავრობებს, რომ ამ ფაქტებთან დაკავშირებით აწარმოონ „სრულყოფილი გამოძიება“.
კიდევ ერთი ქვეყანა, მალაიზია აცხადებს, რომ მას მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ამოიწურა „სინოვაკის“ დოზები, ქვეყანა ამერიკული წარმოების „ფაიზერის“ ადმინისტრირებას იწყებს.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კლინიკური გამოკვლევების თანახმად, ჩინური წარმოების კოვიდ-ვაქცინები „სინოვაკი“ და „სინოფარმი“ სიმპტომური ავადობის მიმართ 50-79% ეფექტიანობას ავლენს. გამოკვლევების თანახმადვე, რომელიც მაგალითად, ბრაზილიაში ჩატარდა, „სინოვაკმა“ ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის პრევენციის თვალსაზრისით, 100%-იანი შედეგი, ხოლო ინდონეზიელ მედპსერონალში 96-98% ეფექტიანობა აჩვენა.
ფაქტს, რომ ჩინური ვაქცინებით სრულად აცრილი მოქალაქეების ავადობა კვლავ მაღალია, სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, აცხადებს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის პროფესორი, ეპიდემიოლოგი ბენჟამინ კოულინგი.
ერთ-ერთი ასეთი მიზეზი შეიძლება იყოს დროთა განმავლობაში, ვაქცინაციით გამომუშავებული ანტისხეულების გაქრობა. ტაილანდური გამოკვლევის თანახმად, რომელიც მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდა, „სინოვაკით“ სრულად აცრილ მოქალაქეებში გამომუშავებული ანტისხეულები, ყოველ 40 დღეში ერთხელ ნახევრდება. ერთობლივი გამოკვლევა ტაილანდში, თამასატის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტმა და გენეტიკური ინჟინერიისა და ბიოტექტნოლოგიის (Biotec) ნაციონალურმა ცენტრმა ჩაატარა. გამოკვლევამ, რომელშიც „სინოვაკით“ ორჯერადად ვაქცინირებული 500 ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ მათ ორგანიზმში, ყოველ 40 დღეში, ანტისხეულების რაოდენობა 50%-ით მცირდებოდა.
გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დრომდე, არ არსებობს კონკრეტული ცნობები, თუ როგორ მოქმედებს „სინოვაკი“ ახალი, უფრო გადამდები შტამების, ალფა და დელტა შტამების წინააღმდეგ.
დელტა შტამის გავრცელების პარალელურად, 50 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის და მედმუშაკებისთვის, თურქეთის მთავრობამ პირველი ივლისიდან ე.წ. "ბუსტერ", მესამე დოზების გაკეთება დაიწყო. როგორც თურქული პრესა იტყობინება, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მედპერსონალსა და 50 წელს ზემოთ მოქალაქეებს პირველი ორი დოზა ექვსი თვის წინ აქვს მიღებული, იმ დროისათვის კი იმუნიზაციისათვის ქვეყანაში მხოლოდ ჩინური წარმოების „სინოვაკი“ გამოიყენებოდა.
თურქეთის გარდა, ჩინური ვაქცინით აცრილ მოქალაქეებს მესამე დოზად „ფაიზერს“სთავაზობს ბაჰრეინი.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოქალაქეებს მოუწოდა სიფრთხილე გამოიჩინონ ვაქცინების შერევასთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაღალჩინოსნებმა უნდა მიიღონ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უფროსმა მეცნიერმა, სოუმია სვამინათანმა 13 მაისს გამართულ ბრიფინგზე, ე.წ. "ბუსტერის" შესახებ დასმულ კითხვას ასე უპასუხა:
"ცოტა სახიფათო ტრენდი ყალიბდება. ქვეყნებში ქაოტური სიტუაცია შეიქმნება, თუკი მოქალაქეები თავად გადაწყვეტენ, როდის და ვინ მიიღებს მეორე, მესამე თუ მეოთხე დოზებს. ეს ინდივიდების გადასაწყვეტი არ უნდა იყოს. ამის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებმა და მათი გადაწყვეტილება დაფუძნებული უნდა იყოს კონკრეტულ მონაცემებზე. ჯერჯერობით, ჩვენ კვლავ ველით სხვადასხვა ვაქცინის შერევის შესახებ გამოკვლევის მონაცემებს. უნდა შეფასდეს როგორც იმუნოგენობა, ისე უსაფრთხოება".
რას გეგმავს საქართველო?
რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს ხელისუფლება? გაითვალისწინებს თუ არა სხვა ქვეყნების გამოცდილებას და ჩინური ვაქცინით აცრილ მოქალაქეებს შესთავაზებს თუ არა სხვა, მაღალეფექტური ვაქცინის მესამე დოზას? ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა.
როგორც უწყების პრეს-სამსახურში განგვიმარტეს, დღესდღეობით, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თუმცა, „როდესაც უახლოეს ორ კვირაში კვლავ შემოვა ქვეყანაში ამერიკული წარმოების „ფაიზერის“ დამატებითი დოზები, არ არის გამორიცხული, რომ ეს საკითხი იმუნიზაციის საბჭომ განიხილოს“.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, გიორგი კამკამიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ უკვე თუ არა, ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც ე.წ. „ბუსტერ“ დოზა, აუცილებლად დასჭირდება პირველ რიგში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს. მათ შორის, პაციენტებს, რომლებიც იმყოფებიან იმუნოსუპრესიულ მკურნალობაზე, არიან ონკო-პაციენტები. მისი თქმით, თუკი ამ ეტაპზე, საყოველთაო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, მაშინ უნდა არსებობდეს საშუალება, რომ ექიმის გადაწყვეტილებით, ამ ტიპის პაციენტებისათვის, მესამე დოზით ვაქცინაცია დაშვებული იყოს:
„იმისათვის, რომ მესამე დოზით ვაქცინაცია ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი, შესაბამისი რაოდენობის ვაქცინა უნდა გვქონდეს. სამწუხაროდ, დღესდღეობით, ქვეყანაში ამის შესაძლებლობა არ გვაქვს, რადგან თუ არ ჩავთვლით ჩინურ ვაქცინებს, სხვა, ვაქცინა არ გვაქვს იმ რაოდენობით, რომ ხალხს მესამე დოზად შევთავაზოთ. თუმცა, ამის საჭიროება ძალიან ახლო მომავალში დადგება და შემიძლია ვთქვა, რომ უკვე დგას კიდეც. მესამე დოზის გაკეთება შესაძლებელია მეორე დოზის მიღებიდან ერთი თვის თავზე. მაქსიმალური ინტერვალი ჯერჯერობით არ არის ჩამოყალიბებული“.
რა სურთ ჩინური ვაქცინებით აცრილ მოქალაქეებს?
ისურვებდით თუ არა ე.წ. „ბუსტერ“ დოზად "ფაიზერით" ან სხვა ეფექტური ვაქცინით აცრას? ეს კითხვა რადიო თავისუფლებამ ჩინური ვაქცინებით აცრილ მოქალაქეებს დაუსვა. მათი უმრავლესობა ამბობს, რომ ისინი მესამე, „ბუსტერ“ დოზას ელოდებიან:
„აუცილებლად, თუკი ამის შესაძლებლობა იქნება. გაიდლაინებსაც მოვისმენდი... მაგრამ ამათ არ ვენდობი ბოლომდე. როდის მოიფიქრებენ და იტყვიან ორ სიტყვას, ეგეც არ ვიცით“.
„კი, სინოვაკის ორი დოზით ვარ აცრილი და ვისურვებდი ბუსტერ დოზას“.
„ორჯერადად ვარ აცრილი სინოფარმით. დღესვე გავიკეთებდი „ფაიზერსაც“, რომ იყოს საშუალება“.
„დადგენილია „სინოვაკის“ სრული არაეფექტურობა? არ ვისურვებდი, „სინოვაკიც“ საკმარისი მგონია“.
„კი, თუმცა, იმედი არ მაქვს, რომ ამის შესაძლებლობა მექნება“.
„აუცილებლად. ველოდები დროის გასვლას, რომ ბუსტერი გავიკეთო, უკვე " ფაიზერი".
„მე საზღვარგარეთ მინდა წასვლა და კი“.
„რეალურად, სულერთია. აცრილი ვარ „სინოვაკით“ და თუ იქნება საჭირო, კიდევ ავიცრები“.
„სინოფარმიანი, ორგზის, ვისურვებდი კი არა, პირველი გავვარდები, როცა შანსი გაჩნდება“.
„თუ ექიმების რეკომენდაცია იქნება, კი. მაგრამ "ფაიზერის" გარდა სხვა ბუსტერსაც გავიკეთებ უპრობლემოდ“.
ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტს დაიწყო. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ოთხი ვაქცინით, „სინოფარმით“, „სინოვაკით“, „ასტრაზენეკათი“ და „ფაიზერით“ აცრაა შესაძლებელი. 19 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში სულ აცრილია 357 106 ადამიანი. მათგან სრულად, ანუ ორჯერადად, 130 314.
საქართველოში ყველაზე მეტი მოქალაქე, როგორც ერთი, ისე ორი დოზით, „სინოფარმითაა“ აცრილი. აცრილთა რაოდენობით მეორე ადგილზეა „ასტრაზენეკა“, მესამე ადგილს იკავებს „სინოვაკი“, მეოთხეს კი „ფაიზერი“.
ვაქცინაციის გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე, საქართველოს მოსახლეობის 60%, ანუ მილიონ 700 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.
2 ივლისს ქვეყანაში შემოვიდა ერთი მილიონი ჩინური ვაქცინა. 4 ივლისს, ავსტრიის მთავრობის ჰუმანიტარული დახმარების სახით, საქართველოს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 5000 დოზა გადმოეცა. ამას კოვაქს-პლატფორმის გავლით მოჰყვა, 43 200 დოზა „ასტრაზენეკა“. 13 ივლისს, საქართველომ 28 000 დოზა „ფაიზერი“ მიიღო. ჯანდაცვის უწყების მაღალჩინოსნების განმარტებით, „ფაიზერის“ დამატებითი დოზები, ქვეყანაში უახლოეს პერიოდში უნდა შემოვიდეს. მათი მტკიცებით, შემოდგომამდე საქართველომ მილიონი დოზა „ფაიზერი“ უნდა მიიღოს.