Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტები მიშელს: ეს კაცი - ღარიბაშვილი, სანამ პრემიერია, საფრთხე ექმნება ყველა მოქალაქეს


ჟურნალისტები, რომლებიც ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვენ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილით მიმართავენ. ჟურნალისტები "მთავარი არიხიდან", "TV პირველიდან", "კავკასიიდან", "ფორმულადან" და სხვა მედიასაშუალებებიდან ამბობენ, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნების შეურაცხყოფისა და დისკრედიტაციის ობიექტები არიან.

"უნდა იცოდეთ, რომ სანამ ეს კაცი, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრია, საფრთხის ქვეშ არის უკლებლივ ყველა ჟურნალისტისა და მოქალაქის სიცოცხლე ისევე, როგორც ამ ქვეყნის ღირსება და თავისუფალი მომავალი. ასეთ კაცს ხვდებით თქვენ დღეს და გვინდა, რომ სიმართლე იცოდეთ", - აცხადებენ ჟურნალისტები, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ.

ჟურნალისტები შარლ მიშელს ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ 6-პუნქტიანი წერილით მიმართავენ:

  • "დღეს, თქვენ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე გესაუბრებათ ის პრემიერ-მინისტრი, რომელიც პასუხისმგებელია 5-6 ივლისს ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და უმცირესობის წინააღმდეგ ჩატარებულ სადამსჯელო ღონისძიებაზე";
  • "დღეს თქვენ დემოკრატიაზე გესაუბრებათ ის პრემიერ-მინისტრი, რომელიც მუდმივად სიძულვილის ენით საუბრობს, აღვივებს ზიზღს და ქადაგებს შეუწყნარებლობას";
  • "დღეს თქვენ "ქართული ოცნების" დემოკრატიულ მიღწევებზე გესაუბრებათ ის პრემიერ-მინისტრი, რომელიც წლებია მფარველობს და ასაზრდოებს მოძალადე ჯგუფებს, იყენებს მათ განსხვავებული პოლიტიკური და სამოქალქო პოზიციის მქონე ადამიანების წინააღმდეგ ისე, როგორც ეს 5 ივლისს მოხდა, როდესაც მხოლოდ მის მიერ წახალისებულმა და ამ ხელისუფლების მიერ წახალისებულმა ძალადობამ აქამდე არანახულ მასშტაბებს მიაღწია და ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ ნამდვილ სადამსჯელო ღინისძიებად იქცა";
  • "დღეს, თქვენ დემოკრატიაზე გესაუბრებათ ის, ვინც უმცირესობაზე ძალადობას უმრავლესობის ნების აღსრულებით ამართლებს. რაც მთავარია, თქვენ დღეს, დემოკრატიაზე გესაუბრებათ კაცი, რომელიც ანგარიშვალდებულია არა ამ ქვეყნის მოსახლეობის, არამედ ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის წინაშე";
  • "დღეს, თქვენ გესაუბრებათ იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელმაც უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი და კონსტიტუციით გარანტირებული პროდასავლური კურსიდან გადაუხვია და ბელარუსის გზას დაადგა, ვინც 5-6 ივლისს საშუალება მისცა მოძალადე ჯგუფებს პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ორჯერ ჩამოეხიათ და დაეწვათ. დროშის დაწვა კი, საგარეო კურსის ცვლილების სიმბოლურ გზავნილად ექცია";
  • "დღეს, თქვენ გესაუბრებათ ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრი, რომელმაც არაერთხელ სცადა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეების, ისე საერთაშორისო პარტნიორების მოტყუება, ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმით, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვით ცინიკურად და უხეშად დაარღვია თქვენი მედიაციით შექმნილი დოკუმენტიც".

პრემიერის გადადგომას ჟურნალისტების ერთი ნაწილი 11 ივლისის შემდეგ ითხოვს. ამ მიზეზით იმართება აქციები თბილისში ცენტრალურ გამზირზე და ჟურნალისტები აწყობენ პერფორმანსებს სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში.

ამას წინ უსწრებდა 5 ივლისის მოვლენები - ქუჩაში გამოვიდნენ სიძულვილის ჯგუფები, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და ფოტოგრაფებს, მათ, ვინც ამ დღეს მუშაობდა და ცდილობდა საზოგადოებისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა. ველზე მომუშავე ჟურნალისტები ამბობენ, რომ ამ დღეს ქალაქში პოლიციელების მცირე ნაწილი ჰყავდათ გამოყვანილი.

XS
SM
MD
LG