ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ჟურნალისტებმა მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვეს. ჟურნალისტებს აინტერესებდათ, როდის დატოვებდა ის თანამდებობას.
"როდის დატოვებთ თანამდებობას, წახალისებული ძალადობის გამო"; "როდის გადადგებით, სხვა კითხვა არ არსებობს", - ამბობდნენ ჟურნალისტები.
პრემიერმა ამ კითხვას არ უპასუხა და ბრიფინგის სივრცე დატოვა.
პრემიერის გადადგომას ჟურნალისტების ერთი ნაწილი 11 ივლისის შემდეგ ითხოვს. ამ მიზეზით იმართება აქციები თბილისში ცენტრალურ გამზირზე და ჟურნალისტები აწყობენ პერფორმანსებს სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში.
ამას წინ უსწრებდა 5 ივლისის მოვლენები - ქუჩაში გამოვიდნენ სიძულვილის ჯგუფები, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და ფოტოგრაფებს, მათ, ვინც ამ დღეს მუშაობდა და ცდილობდა საზოგადოებისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა.