Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურორი 5 ივლისის ძალადობაზე: გამოძიება მუშაობს ორგანიზატორის დადგენის მიმართულებით


დავით კუტალაძე
დავით კუტალაძე

"პირველ რიგში ის გარემოება, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს ჰყავს 16 ბრალდებული და 36 დაზარალებული, საიდანაც 30 არის ჟურნალისტი და ოპერატორი, ნიშნავს იმას, რომ გამოძიება უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და მათ შორის [ძალადობის] ორგანიზატორების დადგენის მიმართულებით", - თქვა ტვ პირველის გარდაცვლილ ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავაზე ძალადობაში ბრალდებული დავით კუტალაძის სასამართლო სხდომის დაწყებამდე პროკურორმა თამარ იაკობიძემ. რადიო თავისუფლების კითხვაზე, განიხილებიან თუ არა შესაძლო ორგანიზატორებად სასულიერო პირებიც, მან თქვა, რომ ორგანიზატორების გამოსავლენად გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს. მას ასევე ჰკითხეს, თუკი ლექსო ლაშქარავას გადაადგილების კადრები გამოძიებამ უჩვეულოდ მცირე დროში ამოიღო, ამ საქმეში თუ იყენებენ კადრებს ორგანიზატორების გამოსავლენად, რაზეც უპასუხა, რომ ორგანიზატორების გამოსავლენად მხოლოდ კადრების ქონა საკმარისი არ არის.

"ორგანიზატორების ნაწილი მხოლოდ კადრებზე არ არის დამოკიდებული. კონკრეტული დღე რომ გითხრათ, ჩემი მხრიდან იქნება არასერიოზული. დაველდოთ გამოძიებას, ამ მხრივ სიახლე იქნება", - თქვა თამარ იაკობიძემ.

რაც შეეხება ძალადობაში ბრალდებულ დავით კუტალაძეს, რომლის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზეც თბილისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს, ბრალი 5 ივლისს მომხდარ ძალადობის ერთ ეპიზოდში ედება და ლექსო ლაშქარავაზე თავდასხმის გამო პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. პროკურორი არ გამორიცხავს, რომ კუტალაძეს ბრალი დაუმძიმდეს და ძალადობის სხვა ეპიზოდებში ან ძალადობის ორგანიზებაშიც იქნეს ბრალდებული.

დავით კუტალაძე სიძულვილის ჯგუფების ერთ-ერთი აქტიური წევრია, მას ფეისბუკის პირად გვერდზე ძალადობის მოწოდების შემცველი არაერთი ვიდეომიმართვა და მოწოდება უდევს - იყენებს სიძულვილის ენას, აკეთებს ჰომოფობიურ, ანტისადასავლურ და ანტილიბერალურ განცხადებებს. დავით კუტალაძე "რიონის ხეობის მცველების" მოძრაობის გულშემატკივარიცაა. ცხოვრობს ქუთაისში და აქვს საშუალო განათლება.

დავით კუტალაძე ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ დააკავეს. ლექსო ლაშქარავას "სირცხვილიას" ოფისში რამდენიმე ათეული პირი სასტიკად გაუსწორდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას - დაკავებულია მხოლოდ 5 თავდამსხმელი. ლექსო ლაშქარავას სიძულვილის ჯგუფების თავდასხმის შემდეგ დაზიანებული ჰქონდა თვალი და სახის ძვლები, დასჭირდა ქირურგიული სამედიცინო ჩარევა. ლექსო ლაშქარავა თავდასხმიდან მეექვსე დღეს, 11 ივლისს, გამთენიისას, საკუთარ სახლში ოჯახის წევრებმა ნახეს გარდაცვლილი - შსს ექსპერტიზის დასრულებამდე მიანიშნებდა მის კავშირს ნარკოტიკებთან. გარდაცვალებიდან მეორე დღეს "შუალედური ქიმიური დასკვნის" საფუძველზე უწყებამ თქვა, რომ გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა ზედოზირება გამხდარიყო.

ლექსო ლაშქარავა დღეს დაკრძალეს.

მოქალაქეები მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

XS
SM
MD
LG