საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე 5 ივლისს მოძალადე ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი და 11 ივლისს გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახს სამძიმრის წერილს უგზავნის.
"ქალბატონ თინათინ კახიძეს, მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს
რა თქმა უნდა, შვილის გარდაცვალება თქვენთვის უდიდესი ტრაგედია და ტკივილია, მაგრამ უნდა განგამტკიცოთ რწმენამ მარადიული ცხოვრებისა, რომლის მკვიდრიც ლექსო (ალექსანდრე) უკვე გახდა.
ეჭვი არ შეგეპაროთ, იგი ცოცხალია და მასთან კავშირის დამყარება ლოცვით არის შესაძლებელი.
ჩვენც ვლოცულობთ მისთვის, მისი უკვდავი სულისათვის, მითუმეტეს ვიცი, ჩვენთან შეხვედრა სურდა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დედის გულმხურვალე ვედრებას ვერაფერი შეცვლის. ამიტომაც თქვენი სიცოცხლე, თქვენი ლოცვითი თანადგომა მას ძალიან სჭირდება.
ღმერთმა მოგცეთ ამისი ძალა და მოგანიჭოთ შინაგანი მშვიდობა და მხნეობა.
ღმერთმა დალოცოს ლექსოს ცოლ-შვილი", - წერია სამძიმრის წერილში.
5 ივლისს ძალადობრივ აქციაზე სიძულვილის ჯგუფებთან ერთად იდგნენ სასულიერო პირები. თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგეებმა 5 ივლისს დააზიანეს 55 ადამიანი, მათ შორის 53 იყო მედიის წარმომადგენელი.
ლექსო ლაშქარავას გარდავალების შემდეგ დღის წესრიგში დადგა მთავრობის გადადგომის საკითხი. არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას სრული შემადგენლობით გადადგომისკენ მოუწოდებენ, მოქალაქეები და ჟურნალისტები აქციებზე ითხოვენ პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის გადადგომას.