ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი იტალიის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. რობერტო მანჩინის გაწვრთნილი გუნდი ლონდონში გამართულ ფინალში ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში მოუგო. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა. ანგარიში ბრიტანელმა ლუკ შოუმ გახსნა მეორე წუთზე. იტალიელებმა კი ლეონარდო ბონუჩის მიერ 67-ე წუთზე გატანილი გოლით გაათანაბრეს. თერთმეტმეტრიანების სერიაში „სკუადრა აძურამ“ 3:2 იმარჯვა.
იტალია ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა. პირველად ეს ორმოცდაცამეტი წლის წინ შეძლო - 1968 წელს. ინგლისელებმა კი ისტორიაში პირველად ითამაშეს ევროპირველობის ფინალში და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.