Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო ინსპექტორი: ლექსო ლაშქარავას შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პირადი ინფორმაცია ვრცელდება


სახელმწიფო ინსპექტორის აპარტი ავრცელებს განცხადებას იმის შესახებ, რომ დღეს დილას გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას შესახებ ვრცელდება განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, რომლებზეც გარე პირებს არ შეიძლება ჰქონდეთ წვდომა. ინსპექტორი მოუწოდებს ყველა პირს, თავი შეიკავონ გარდაცვლილის შესახებ მონაცემების გაზიარებისგან და გავრცელებისგან, ვინაიდან ეს ხელყოფს გარდაცვლილის პირად ცხოვრებას და წარმოადგენს კანონის დარღვევას.

"სოციალურ ქსელში, სხვადასხვა პირების მიერ ვრცელდება ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას შესახებ პერსონალური, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები - ინფორმაცია მისი დაკავების, მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების, მის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის, მისი სისხლის სამართლის საქმეში ამა თუ იმ სტატუსით მონაწილეობის შესახებ.

ზემოაღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება ისეთი პირების მხრიდან, რომლებსაც დიდი ალბათობით ხელი არ უნდა მიუწვდებოდეთ არც სისხლის სამართლის საქმის, არც ადმინისტრაციული საქმისწარმოების მასალებზე და არც სამართალდამცავი ორგანოების მფლობელობაში არსებულ იმ საინფორმაციო ბაზებზე, რომლებშიც აღნიშნული მონაცემები შესაძლოა ინახებოდეს, მათი რეალობის/სიზუსტის შემთხვევაში" - ნათქვამია ინსპექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო შემოწმება იმის შესახებ, თუ რა გზით გახდა ცნობილი ეს მონაცემები სხვადასხვა პირებისთვის.

5 ივლისს, როცა თბილისის ცენტრალურ გამზირზე "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო, ეს ადგილი ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა დაიკავეს. პოლიციელების თვალწინ სცემდნენ ჟურნალისტებს. როგორც ადგილზე მომუშავე ჟურნალისტები ამბობენ, იმდენად მცირე რაოდენობის სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული, რომ სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ დაიცავდნენ ჟურნალისტების უსაფრთხოებას.

ამავე დღეს ძალადობრივმა ჯგუფებმა დაარბიეს "თბილისი პრაიდის" ოფისი და სცადეს "სირცხვილიას" ოფისში შეჭრა. "TV პირველის" გადამღებ ჯგუფს სწორედ "სირცხვილიას" ოფისთან გაუსწორდნენ სიძულვილის ჯგუფები. სწორედ აქ მიიღო მძიმე დაზიანებები ოპერატორმა ლექსო ლაშქარავა, რომელიც დღეს დილით სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

XS
SM
MD
LG