Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვახო სანაია: ხელისუფლებამ ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანა იქამდე, რომ ვატარებთ აქციას მათ გადასადგომად


"ფორმულას" მთავარი საინფორმაციო გამოშვების და პოლიტიკური ტოქშოუს წამყვანი, ვახო სანაია ამბობს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა უნდა გადადგეს. ამ მოთხოვნით ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები აქციას პარლამენტის შენობასთან მართავენ. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების ნაცემი "TV პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს.

"ჩვენ არ ვართ 53 მხოლოდ, რომელსაც თქვენ ფიზიკურად გაუსწორდით, ჩვენ მთელი საქართველო ვართ. თქვენ, შეიძლება დღეს მოკალით ჩვენი კოლეგა, მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით, არ გვეშინია თქვენი... იყო მოწოდება - "ნუ მომკლავ!", დღეს გვაქვს მოწოდება "ვერ მოგვკლავ!", იმიტომ, რომ ჩვენ აუცილებლად შევცვლით ამ მთავრობას, რომელიც უნდა გადადგეს და პასუხი აგოს ჩვენი კოლეგის მკვლელობაზე.

ბიძინა ივანიშვილს აქვს საფიქრალად დრო დილამდე. ღარიბაშვილი აღარ არის დღევანდელი დღიდან პრემიერ-მინისტრი, ის არის არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი და ის უნდა წავიდეს.

ჟურნალისტები ამ მოედანზე ყოველთვის მოვდიოდით იმისთვის, რომ გაგვეშუქებინა აქციები, საქართველოს ხელისუფლებამ ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს ჩვენ ვატარებთ საპროტესტო აქციას და ჩვენ ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე. არავინ იფიქროს, რომ ეს არის ერთდღიანი შეკრება.

ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება მანამდე, სანამ პასუხს არ აგებენ მკვლელობისთვის. საქართველოს ე.წ. პრემიერ-მინისტრმა პირდპაირ ეთერში მოუწოდა იმ მოძალადე ჯგუფებს, მკვლელების რაზმებს, პირდაპირ ეთერში უთხრა, რომ ჟურნალისტები და აქტივისტები ყოფილიყვნენ მათი სამიზნე და მათ ეს განახორციელეს..." - თქვა ვახო სანაიამ.

5 ივლისს, როცა თბილისის ცენტრალურ გამზირზე "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო, ეს ადგილი ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა დაიკავეს. პოლიციელების თვალწინ სცემდნენ ჟურნალისტებს. როგორც ადგილზე მომუშავე ჟურნალისტები ამბობენ, იმდენად მცირე რაოდენობის სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული, რომ სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ დაიცავდნენ მათ უსაფრთხოებას.

ამავე დღეს ძალადობრივმა ჯგუფებმა დაარბიეს "თბილისი პრაიდის" ოფისი და სცადეს "სირცხვილიას" ოფისში შეჭრა. "TV პირველის" გადამღებ ჯგუფს სწორედ "სირცხვილიას" ოფისთან გაუსწორდნენ სიძულვილის ჯგუფები. სწორედ აქ მიიღო მძიმე დაზიანებები ოპერატორმა ლექსო ლაშქარავამ, რომელიც დღეს დილით სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

XS
SM
MD
LG