"ქართული ოცნების" ოფისთან ოპოზიცია მივიდა - პარტიების ლიდერები ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვენ. უმრავლესობის ოფისში შეკრებილები არიან მმართველი პარტიის წევრები.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც აქტივისტებს აკავებს - ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ნიკა ფარულავა, თამაზ ახობაძე და რამდენიმე სხვა ადამიანი. მედია იუწყება სპეცრაზმის მობილიზაციის შესახებ.
"ქართული ოცნების" ოფისთან ოპოზიციის ლიდერებიდან იმყოფებოდნენ ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მამუკა ხაზარაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქართული ოცნების" ოფისთან არსებული დაძაბულობის შესახებ განცხადება გაავრცელა. უწყება მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და აფრთხილებს იქ მყოფ პირებს, აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ცნობილი გახდა 5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავებული ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ. მოქალაქეები დღეს გეგმავენ აქციას მთავრობის გადადგომის მოთხოვნით.
ლექსო 5 ივლისს, სიძულვილის ჯგუფების თავდასხმის მსხვერპლი გახდა "სირცხვილიას" ოფისთან, სადაც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. არსებული ინფორმაციით, ის დღეს დილას, საკუთარ სახლში დედამ ნახა გარდაცვლილი. ამ დროისთვის მისი სხეული ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
ამ დროისთვის, ლექსო ლაშქარავაზე თავდამსხმელი მხოლოდ ორი პირია დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. გამოძიება 5 ივლისს მომხდარ ძალადობის ცალკეულ ფაქტებს იძიებს და ორგანიზებული დანაშაულის არსებობის შესაძლებლობაზე არ საუბრობს. 5 ივლისს 55 ადამიანი დაშავდა, მათგან 53 მედიის წარმომადგენელი იყო.
მირანდა ბაღათურია, ჟურნალისტი, რომელიც თან ახლდა ლექსოს ძალადობრივი თავდასხმის დროს, ჰყვება, რომ მათი თავდამსხმელების რაოდენობა 20 მაინც იყო. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.