"თბილისი პრაიდის" ოფისის დარბევაში ბრალდებულ 3 პირს, ალიკა ალაზოვს, გიორგი ოძელაშვილსა და გიორგი ელიზბარაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ და გირაოს ნაცვლად თავისუფლებას ითხოვდნენ სასამართლო პროცესზე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
"ორივე მხარემ დაადასტურეთ, რომ აღკვეთის ღონისძიება გამოსაყენებელია. ერთი გირაოს ითხოვდა, მეორე პატიმრობას. რადგანაც აღკვეთის ღონისძიებაზეა საუბარი, არ უნდა მოხდეს მიმალვა, მტკიცებულების განადგურება და ახალი დანაშაულის ჩადენა. ამ შემთხვეაში სამივე პირობა სახეზეა... თქვენ რაც გაქვთ ბრალდება წაყენებული და რაც არის აღწერილი. ეს [დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილება] არ ნიშნავს, რომ განაჩენის დონის გადაწყვეტილებაა ახლა მიღებული, ახლა შუამდგომლობის გადაწყვეტილებაა...
თუ დადგინდა, რომ საკმარისი მტკიცებულებები არის წარმოდგენილი, გამოვა გამამტყუვნებელი განაჩენი, თუ ვერ წარმოადგინა, გამართლდებით... გამოძიება თქვენს მიმართ მიმდინარეობდა 1 დღე და რამდენიმე საათი.
დღეს მართალია რისკები მაღალია. თქვენ რომ ახალ დანაშაულს არ ჩაიდენთ, ამის ერთმნიშვნელვნად პროგნოზირება შეუძლებელია. პატიმრობის გარდა სხვა აღკვეთის ღონისძიების გამოყენება შეუძლებელი იყო. ხვალ-ზეგ რა იქნება, არ ვიცი", - აუხსნა მოსამართლემ დაკავებულ პირებს.
ერთ-ერთმა ბრალდებულმა სხდომაზე თქვა, რომ მას არაფერი ჰქონდა "ელეგებედე ხალხის" საწინააღმდეგო.
დაკავებულთაგან ერთი, გიორგი ელიზბარაშვილი, გურჯაანიდან იყო ჩამოსული 5 ივლისს, თბილისში ძალადობრივ აქციაში მონაწილეობისთვის, ის საშუალო განათლების მქონე უმუშევარია. მეორე, ალიკა ალაზოვი, ასევე უმუშევარია, არასრული საშუალო განათლებით. მას ძალადობის ფაქტი წარსულშიც აქვს ჩადენილი. მესამე ბრალდებული, გიორგი ოძელაშვილი მერიას დაქვემდებარებული უწყების, "თბილსერვისის" თანამშრომელია.