„საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულება არათუ დასაბუთებულობის სტანდარტს, უფრო მაღალ სტანდარტს აკმაყოფილებს. ის ქმედებები, რაც თქვენ გედებათ ბრალად, გარდა იმისა, რომ დანაშაულია, ანგრევს სახელმწიფოს სტაბილურობას, წარმოადგენს სრულ სიბნელეს, სიველურეს და სირცხვილია. მე გადაწყვეტილებას ვიღებ საქართველოს სახელით. თქვენი ქმედებები არის უაღრესად საფრთხის შემცველი, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, მაღალი საფრთხე არსებობს და რისკია ახალი დანაშაულის ჩადენის... ამ ეტაპზე შეუძლებელია სხვა უფრო მსუბუქი ფორმის აღკვეთის ღონისძიების გამოყენება“, - განაცხადა მოსამართლე რომან ხორავამ თბილისის საქალაქო საამართლოში მიმდინარე პროცესის დროს, სადაც განიხილებოდა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტისა და ოპერატორის და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორის მიმართ სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით დაკავებული პირების საქმე.
ბრალდებულების ადვოკატები მათთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.
ბრალდებულმა ილია ქებაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მას:
„არც ჟურნალისტებზე უძალადია და არც არავისზე“.
„უდანაშაულო ვარ“, - აცხადებს ის.
„ემოციებიდან გამომდინარე მოხდა ძალადობა“, - ამბობს კიდევ ერთი ბრალდებული, აკაკი ნაკაშიძე:
„მართლმადიდებელo კაცი ვარ, მინდოდა ჩემი აზრი დამეფიქსირებინა, ცოტა ზედმეტები მოგვივიდა, ქაოსმა გამოიწვია“.
მისი ადვოკატის განცხადებით, რომ აქციაზე უამრავი ადამიანი იყო და სხვადასხვა სახის პროტესტს გამოხატავდა:
„აკაკი არანაირ მიმალვას არ შეეცდება და არც უცდია... შესაძლოა, მას წარსულში ჰქონდა სამართალთან შეხება, მაგრამ ახლა არ არის ნასამართლევი. ის არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი... ოჯახი შეძლებს გირაოს გადახდას 2000 ლარის ფარგლებში“.
თორნიკე დავრაშელიძის ადვოკატის თქმით, თორნიკე „21 წლის ახალგაზრდა ბიჭია, რომელიც ცხოვრობს ოჯახთან ერთად. თუ სასამართლო არ გამოიყენებს პატიმრობას, წავა ისევ სოფელში და მოეხმარება ოჯახს“.
ადვოკატის განცხადებით, ეს აქცია არ შეფასებულა სახელმწიფოს მიერ კანონდარღვევად და არც დაშლილა.
„კონკრეტულად თორნიკეს მიერ ვინმე არის დაშავებული?.. გამოყენებული უნდა იქნას 5000-ლარიანი გირაო! ეს იქნება შემაკავებელი ოდენობა, რაც დაგვარწმუნებს იმაში, რომ არაფერს დააშავებს“, - აცხადებს ადვოკატი.
„ვეთანხმები... ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ვერავინ იტყვის, რომ დამნაშავე ვარ, ქურდი ვარ... მომხრე ვარ ადამიანობის და სიყვარულის“, - განაცხადა თორნიკე დავრაშელიძემ.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებიდან ორმა პირმა - თორნიკე დავლაშერიძემ და აკაკი ნაკაშიძემ „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
დაკავებულებიდან კიდევ ორმა პირმა - თემურ ხარაულმა და ილია ქებაძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორს სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის "ა" და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
წინასასამარლო სხდომა 2 სექტემბერს დაინიშნა.
ერთი დღით ადრე, 8 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავის 2"-ის, „მთავარი არხის", გამოცემა - "ტაბულას" და საინფორმაციო სააგენტო "ნიუპოსტის" წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ პატიმრობაშეუფარდა ბრალდებულ ზაზა ჭაავას, ზაზა მჭედლიძეს და მურად დევლარიშვილს. არც ერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.
პროკურატურამ „პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა მიერ მედიის მიმართ ძალადობის ფაქტებზე 3 პირს, ზაზა ჭაავას, ზაზა მჭედლიძესა და მურად დევლარიშვილს ბრალდება 6 ივლისს წარუდგინა.
ბოლო მონაცემებით, ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნის, ჯგუფური ძალადობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ სულ 15 პირია დაკავებული, მათგან ბრალი 8 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 25 პირი, მათ შორის - 19 ჟურნალისტი და ოპერატორი.