Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ლომჯარია მოუწოდებს შსს-ს, დაუყოვნებლივ დაიწყოს ვიდეოკადრების გაშიფვრა


სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, თბილისში, სიძულვილის ჯგუფების ძალადობრივ ქმედებებს ეხმაურება და მოუწოდებს შსს-ს, დაუყოვნებლივ დაიწყოს ჟურნალისტების მიერ გადაღებული ვიდეომასალების გაშიფვრა და იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებიც 5 ივლისს, დილიდან ძალადობდნენ ჟურნალისტებზე:

„მინდა, ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვუცხადო ჟურნალისტებს, რომლებიც სამოქალაქო გმირობას ჩადიოდნენ დღეს და საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად აშუქებდნენ რუსთაველის გამზირზე და მის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. დღეს ჟურნალისტები იყვნენ უფლებადამცველები, რომელთა გმირულმა მუშაობამ ადგილზე უზრუნველყო ის, რომ ადგილზე პრევენცია გაუკეთა თუნდაც უარესი მოვლენების განვითარებას და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენების, ძალადობრივი ქმედებების დოკუმენტირება მოახდინეს.

მინდა, მივმართო შსს-ს, რომ დაუყოვნებლივ, დღესვე დაიწყოს გავრცელებული ვიდეომასალის გაშიფვრა და იდენტიფიცირება იმ ადამიანების, ვინც ძალადობდნენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე და უახლოეს პერიოდში მოგვაწოდონ ინფორმაცია, თუ რა ღონისძიება გაატარეს ამ ადამიანების იდენტიფიცირებისათვის და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემისთვის“.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, 5 ივლისს, თბილისში განვითარებული მოვლენები, წინა წლებში, სიძულვილით მოტივირებული ფაქტების გამოძიებისა და სათანადო სამართლებრივი პასუხისმგებლობის გარეშე დატოვებამ გამოიწვია.

სახალხო დამცველი აკრიტიკებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებასაც:

„უკიდურესად მიუღებელი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომლითაც მან გაათანაბრა ძალადობრივი და მშვიდობიანი ჯგუფები უფლებრივად. ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს საწინააღმდეგო აზრი, მათ შორის, პრაიდის ორგანიზებასთან დაკავშირებითაც და დააფიქსიროს ეს მშვიდობიანი ფორმით, მაგრამ ცალსახაა, რომ ეს ადამიანები აანონსებდნენ ძალადობრივ ქმედებებს და დილიდან დაიწყეს ძალადობრივი ქმედებები საკუთრების წინააღმდეგ, მოქალაქეების წინააღმდეგ და ა.შ. შესაბამისად, განცხადებები, როდესაც ათანაბრებ ერთმანეთთან ძალადობრივ ჯგუფებს და მშვიდობიან მოქალაქეებთან, ეს არასწორია და კიდევ ერთხელ, ეს არის ამ ჯგუფების წახალისება“.

დღეს დილიდან სიძულვილის ჯგუფებმა 15-ზე მეტ ჟურნალისტს სცემეს. ნაცემ ჟურნალისტებს შორის არიან: "რადიო თავისუფლების", "რუსთავი 2"-ის, "ნეტგაზეთის", On.ge-ის, "TV პირველის" და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები. მათ სიტყვიერთან ერთად ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. დამტვრეულია მედიასაშუალებების ტექნიკაც.

სიძულვილის ჯგუფები "თბილისი პრაიდის" ოფისში შეიჭრნენ და "სირცხვილიას" ოფისთანაც იყვნენ მისულები და იქ შესვლას ცდილობდნენ.

რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღირსების მარში, რომელიც „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით 5 ივლისს, 18 საათისთვის უნდა გამართულიყო, აღარ შედგება.

ორგანიზატორები დღეს გამართულ კონტრაქციებსა და სიძულვილის ჯგუფების ძალადობას სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული კურსის წინააღმდეგ გამოცხადებულ ომს უწოდებენ.

XS
SM
MD
LG