Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ღირსების მარში" დღეს არ გაიმართება


"თბილისი პრაიდი" აცხადებს, რომ დღეს ღირსების მარში არ გაიმართება. განცხადება რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.

ორგანიზატორები დღეს გამართულ კონტრაქციებსა და სიძულვილის ჯგუფების ძალადობას სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული კურსის წინააღმდეგ გამოცხადებულ ომს უწოდებენ.

"ქვეყნის ხელისუფლების დღევანდელმა მოქმედებებმა, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დაგვანახა, რომ პოლიტიკურ ხელისუფლებას არ სურს აღასრულოს მისი პირდაპირი მოვალეობა... აღმასრულებელი ხელისუფლების უმოქმედობამ საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე რეალური საფრთხის წინაშე დააყენა... სიძულვილის უზარმაზარი ტალღა კი, რომელსაც ახლა ვუყურებთ, სწორედ ხელისუფლებისა და საპატრიაქროს მიერაა შთაგონებული და მხარდაჭერილი... ჩვენ არ შეგვიძლია გამოვიდეთ ხელისუფლების, საპატრიარქოსა და პრორუსული ძალების მიერ მხარდაჭერილი მოძალადეებით სავსე ქუჩაში და რისკის ქვეშ დავაყენოთ ადამიანების სიცოცხლე!" - ვკითხულობთ განცხადებაში.

დღეს დილიდან სიძულვილის ჯგუფებმა 15-ზე მეტ ჟურნალისტს სცემეს. იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი შემთხვევიდან რამდენიმე საათიც არის გასული, ჯერ არავინ დაუკავებიათ.

სიძულვილის ჯგუფები "თბილისი პრაიდის" ოფისში შეიჭრენენ და "სირცხვილიას" ოფისთანაც იყვნენ მისულები და იქ შესვლას ცდილობდნენ. ქალაქში რადიო თავისუფლების გადამღებმა ჯგუფმა ვერ შენიშნა საპოლიციო ტექნიკა, რომელსაც შსს აქციის მონაწილეების დასაშლელად იყენებს და ამას ძალადობით ამართლებს ხოლმე.

სიძულვილის ჯგუფების მხრიდან ძალადობის გააქტიურებამდე გავრცელდა საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომელიც ამბობდა, რომ არამიზანშეწონილია მარშის გამართვა.

"თბილისი პრაიდი" წელს კიდევ ერთხელ ცდილობს საქართველოში "ღირსების მარშის" გამართვას. ხელისუფლების წარმომადგენლების ძირითადი ნაწილი აცხადებს, რომ მარშის გამართვა მიზანშეუწონელია. ხელისუფლებასთან ერთად საპატრიარქომაც გაავრცელა განცხადება და კონტრაქცია დააანონსა.

XS
SM
MD
LG