საქართველოს სახალხო დამცველი მონაწილეობას არ მიიღებს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, გადაწყვეტილება მიღებული იქნა სასამართლო სისტემაში არსებული მოუგვარებელი უმწვავესი ინსტიტუციური პრობლემების გათვალისწინებით და გაგრძელდება მანამ, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა და არ დასრულდება მოსამართლეების გავლენიანი ჯგუფის მიერ სასამართლო სისტემის ერთპიროვნული მართვა.
ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ 2019 წელს საქართველოს პარლამენტმა უგულებელყო სახალხო დამცველის, ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირისა და არასამთავრობო სექტორის ყველაზე პრინციპული მოსაზრებები, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურას შეეხებოდა. მისი თქმით, 2019 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა სწორედ ხარვეზიანი კანონმდებლობის საფუძველზე აირჩია უზენაესი სასამართლოს 14 ახალი მოსამართლე, რომელთა ნაწილი, სახალხო დამცველის შეფასებებით, ვერ აკმაყოფილებდა კომპეტენციის მინიმალურ ზღვარსაც კი.
„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა კონსტიტუციური სარჩელიც წარადგინა, თუმცა ახლადარჩეული მოსამართლეების უმრავლესობით დაკომპლექტებულმა უზენაესი სასამართლოს პლენუმმა, სარჩელის განხილვის წინ ახალი მოსამართლე დანიშნა საკონსტიტუციო სასამართლოში, რამაც პირდაპირი გავლენა იქონია საქმის საბოლოო შედეგზე და სწორედ ერთი ხმა გახდა გადამწყვეტი, რის გამოც სახალხო დამცველის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამის შემდგომ განხორციელებულმა უსისტემო საკანონმდებლო ცვლილებებმა აზრი დაკარგა. მაგალითად, 2020 წლის 30 სექტემბრის კანონით განისაზღვრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების წესი უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში, თუმცა აღნიშნული ორგანო დღეის მდგომარეობით სრულადაა დაკომპლექტებული 2019 წლის დეკემბერში, უაღრესად პრობლემური და ნდობის არმქონე პროცესის შედეგად არჩეული მოსამართლეებით, რის გამოც მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ასევე ვეღარ სარგებლობს ნდობით და აზრს უკარგავს გასაჩივრების მექანიზმის არსებობას“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.
განცხადების თანახმად, მას შემდეგ, რაც 2019 წელს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, უკვე 2 წელია გასული და სასამართლო სისტემაში არსებული ვითარება კიდევ უფრო დამძიმებულია.
„დღეს არსებული მდგომარეობა მოითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტურ, ძირეულ რეფორმას, რაზეც ასევე საუბარია 2021 წლის 19 აპრილის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიერ მომზადებულ შეთანხმებაში - „სამომავლო გზა საქართველოსათვის“. აღნიშნული რეფორმების გატარებამდე, უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების არჩევა ისევ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის გაძლიერებისაკენ მიმართული ნაბიჯია, რის გამოც სახალხო დამცველი უარს ამბობს აღნიშნულ პროცესში მონაწილეობაზე“, - ამბობს ომბუდსმენი.
საქართველოს პარლამენტი მომავალი კვირიდან გეგმავს დაიწყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ კანდიდატების განხილვის პროცედურა, რომელიც მას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამა წლის 17 ივნისს წარუდგინა. კანდიდატთა 9-კაციან სიაში შედიან გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი.
საპარლამენტო ოპოზიცია მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითხოვს. გუშინ, 29 ივნისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელმაც განიხილა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ერთობლივი განცხადება გააკეთეს ფრაქციების „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“, „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა. მათ მოითხოვეს. რეფორმის სამუშაო ჯგუფი ზუსტად ისე შეიქმნას, როგორც ეს არის გათვალისწინებული „შარლ მიშელის შეთანხმებით“, მანამდე კი მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი შეჩერდეს.
„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის 19 აპრილს გაფორმებულ შეთანხმებას „ტვიტერზე“ გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო საქართველოში. საელჩო ყურადღებას ამახვილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესზე და მხარეებს ახსენებს, რომ შეთანხმების მიხედვით, მიმდინარე დანიშვნები უნდა შეჩერდეს.