პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელმაც განიხილა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ერთობლივი განცხადება გააკეთეს ფრაქციების „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“, „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა.
„ჩვენ პროტესტის ნიშნად დავტოვეთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც უმრავლესობა აპირებს შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომ შეამოწმოს არალეგიტიმურად წარმოდგენილი კანდიდატები, აქვთ თუ არა მათ შესაბამისი დოკუმენტაცია გამოგზავნილი პარლამენტში. ჩვენ ამ ფარს პროცესში შესვლას არ ვგეგმავთ, ჩვენ მოვითხოვთ შევქმნათ რეფორმის სამუშაო ჯგუფი ზუსტად ისე, როგორც ეს არის გათვალისწინებული შარლ მიშელის შეთანხმებით, ხოლო მანამდე დანიშვნების პროცესი შეჩერდეს. დღეს ხელისუფლება დარჩა მარტო საკუთარ თავთან, განსხვავებების მიუხედავად, ხელმომწერმაც, არახელმომწერმაც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ფრაქციამ გააგონა ხელისუფლებას თავის ხმა, რომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს. არავინ არ კითხულობს ამ შეთანხმებას ისე როგორც „ქართული ოცნება", ამიტომ ისხდნენ ახლა ამ დარბაზში მარტო და გადაწყვიტონ სამუშაო ჯგუფი სამ კაციანი შექმნან თუ სამნახევრიანი,"- თქვა „ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.
კომიტეტმა კი მიიღო სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება, რომელიც 2 ივლისს შეიკრიბება. კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფი გამოითხოვს მოსამართლეობის კანდიდატების პირადობის მოწმობის ასლებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებს, ასევე განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრიდან - მათ დიპლომებთან დაკავშირებულ ცნობებს და მომდევნო სხდომაზე შემოსული დოკუმენტაცია განიხილება.
კომიტეტის გადაწყვეტილების თანახმად, სამუშაო ჯგუფში 13 წევრი ეყოლება „ქართულ ოცნებას“, ხოლო ყველა დანარჩენ ფრაქციას, პოლიტიკურ ჯგუფს და პარლამენტის უფრაქციო წევრებს თითო-თითო წევრი.
კომიტეტმა მასში მონაწილეობა ასევე შესთავაზა სახალხო დამცველს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსს და აკადემიური სფეროს ორ წარმომადგენელს.
„პროცესი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, ინკლუზიური. პროცესი ყველას ჩართულობით წარიმართება. არანაირი კითხვის ნიშნები არ უნდა გაჩნდეს. გაიმართება მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი, რა დროსაც მათთან კითხვების დასმა ყველას შეეძლება", - ამბობს ანტი ოხანაშვილი.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9-წევრიანი სია წარუდგინა: გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი.
„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის 19 აპრილს გაფორმებულ შეთანხმებას „ტვიტერზე“ გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო საქართველოში. საელჩო ყურადღებას ამახვილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესზე და მხარეებს ახსენებს, რომ შეთანხმების მიხედვით, მიმდინარე დანიშვნები უნდა შეჩერდეს.