Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მონტენეგროს პარლამენტმა გადააყენა იუსტიციის მინისტრი, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა სრებრენიცის გენოციდი


ზდრავკო კრივოკაპიჩი
ზდრავკო კრივოკაპიჩი

მონტენეგროს კოალიციური მთავრობა სერიოზული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის წარდგინებით პარლამენტმა მხარი დაუჭირა თანამდებობიდან იუსტიციის მინისტრის, ვლადიმირ ლესოპავიჩის, გადადგომას, რომელმაც საჯაროდ ეჭვქვეშ დააყენა 1995 წლის ბოსნიის ომის დროს სრებრენიცაში მომხდარი მუსლიმთა გენოციდი.

აპრილის თვეში მონტენეგროს იუსტიციის მინისტრმა, ვლადიმირ ლესოპავიჩმა, ასევე გაილაშქრა სამხედრო დამნაშავეთა გაეროს ტრიბუნალის წინააღმდეგ და უარყო მართლმსაჯულების ამ ორგანოს კანონიერება.

„შევთავაზე რა მინისტრს გადადგომა, ამით მე ვრისკავ კიდევ ერთხელ მომაკრან მტრისა და მოღალატის იარლიყი, რადგან ვიცავ სიმართლეს და სამართლიანობას“, - განაცხადა 17 ივნისს პარლამენტში გამოსვლის დროს პრემიერ-მინისტრმა ზდრავო კრივოკაპიჩმა. მან ხაზი გასუვა იმ გარემოებას, რომ იუსტიციის მინისტრის განცხადება „სრულიად ეწინააღმდეგება“ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმართულ ხელისუფლების კურსს.


მონტენეგროს კოალიციური მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ზდრავო კრივოკაპიჩმა, იმთავითვე მოუწოდა იუსტიციის მინისტრს თანამდებობიდან გადადგომისაკენ, მაგრამ ლეპოსავიჩს მხარი დაუჭირა პროსერბულმა დემოკრატიულმა ფრონტმა, რომელიც ქვეყნის კოალიციურ მთავრობაში მინისტრების პორტფელების უმრავლესობას ფლობს.

საბოლოოდ მონტენეგროს პრემიერ-მინისტრს მხარი დაუჭირა პრეზიდენტ მილოშ ჯუკანოვიჩთან ასოცირებულმა ყოფილმა მმართველმა სოციალისტების დემოკრატიულმა პარტიამ და ასევე პარლამენტში შემავალმა სხვა მცირერიცხოვანმა პარტიებმა.

იუსტიციის მინისტრის გადადგომის მხარდაჭერის გარდა, 17 ივნისს მათ მიიღეს რეზოლუცია, რომელიც გმობს სრებრენიცაში მომხდარ ხოცვა-ჟლეტას და კრძალავს ამ სისასტიკის საჯარო უარყოფას.

მაგრამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა მმართველმა პარტიამ. პროსერბული დემოკრატიული ფრონტის ერთ-ერთმა ლიდერმა, სლავენ რადუნოვიჩმა განაცხადა, რომ კრივოკაპიჩს აღარ აქვს უფლება იყოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც, მმართველი ძალის წარმომადგენლის თქმით, ოპოზიციაზე მუშაობს.

კრივოკაპიჩი შარშან დეკემბერში გახდა მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი მას შემდეგ, რაც არჩევნებში გამარჯვებული პროსერბული პოლიტიკური ძალისა და ლიბერალური პროდასავლური პარტიების კოალიციამ ხელისუფლებას ჩამოაშორა მილო ჯუკანოვიჩის სოციალისტების დემოკრატიული პარტია, რომელიც ქვეყანას თითქმის 30 წლის განმავლობაში მართავდა.

XS
SM
MD
LG