Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სოლიდარობისა" და "მხარდაჭერისთვის" ნინოწმინდის პანსიონში 50-მდე ბავშვი ჩაიყვანეს


ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, სადაც ბავშვებზე ძალადობასთან დაკავშირებით დასმული კითხვები ჯერ არ გამქრალა, "სოლიდარობისა" და "მხარდაჭერის" მიზნით 50-მდე ბავშვი ჩაიყვანეს. ბავშვები პანსიონში "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა გიორგი ლომიამ და კიოკუშინის კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა კაკაბაძემ შეაცილეს.

"აქ სწავლობენ და ფიზიკურად და სულიერად იზრდებიან. ჩვენი სურვილია მათ შევასწავლოთ კარატე. საერთოდაც, ჩვენი სურვილია, აქ გავხსნათ ჯგუფები... ეს არის ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა. ამათ სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა, რომ ეულად არ იგრძნონ თავი", - ამბობს გოჩა კაკაბაძე.

გიორგი ლომია ამბობს, რომ კაკაბაძეს როგორც ამავე ფედერაციის წევრი ისე წაჰყვა. ის ფიქრობს, რომ პანსიონში ბავშვებზე არ ძალადობენ და მსგავსი ინფორმაცია ეკლესიის სახელის გასატეხად გავრცელდა.

"ეს არის სოლიდარობა და ნდობის გამოცხადება მეუფის მიმართ, ეკლესიის მიმართ და პატრიარქის მიმართ... მე მჯერა, რომ მსგავსი [ძალადობა] რამე არ მომხდარა... რადგან ეს ჩემი ღრმა რწმენაა, მე ჩემი რწმენის მიხედვით ვიქცევი. ამიტომ სხვასაც ვარწმუნებ იმაში, რაც მე მწამს", - უთხრა გიორგი ლომიამ რადიო თავისუფლებას.

​"რა ხდება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში?" - ეს არის კითხვა, რომლითაც აქტივისტები ბოლო რამდენიმე კვირაა ხელისუფლებისა და საზოგადოების ყურადღების მიქცევას ცდილობენ. სწორედ ამ სახელწოდების აქცია იმართება ხვალ თბილისში.

ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების ნაწილი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე საუბრობს. ბოლო წლებში დაწყებულია 4 გამოძიება ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე პანსიონში.

XS
SM
MD
LG