რუსი მწერალი დმიტრი ბიკოვი შეიძლებოდა რუსეთის უშიშროების სამსახურის, ФСБ-ს თანამშრომლებს მოეწამლათ 2019 წელს ნოვოსიბირსკში ყოფნისას, როცა მას მალულად თან ახლდნენ სპეცსამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ალექსეი ნავალნიზე თავდასხმაში.
ასეთ მტკიცებას შეიცავს საგამოძიებო ჯგუფის, Bellingcat-ის და რუსეთში მოქმედი გამოცემის, The Insider-ის ერთობლივი გამოძიების ტექსტი.
2019 წლის 17 აპრილს ბიკოვი მოათავსეს საავადმყოფოში, უფაში, მას მერე, რაც ის ცუდად გახდა ნოვოსიბირსკის აეროპორტში, საიდანაც გამოფრინდა.
სიმპტომები, რომლებიც მას ჰქონდა საავადმყოფოში მოთავსებისას, გვაგონებს ფოსფორორგანული ნაერთებით მოწამვლის სიმპტომებს, წერენ გამომძიებლები. ამ ჯგუფის ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამლეს მოგვიანებით ნავალნი.
როგორც გამომძიებლებმა დაადგინეს, ბიკოვზე თვალთვალი დაიწყეს მის მოწამვლამდე ერთი წლით ადრე მაინც. მასში მონაწილეობდნენ ФСБ-ს კრიმინალისტიკის ინსტიტუტის, ასევე საკონსტიტუციო წყობილების დაცვის სამსახურის ქვეგანყოფილების სავარაუდო თანამშრომლები. კერძოდ, Bellingcat-ისა და The Insider-ის თანახმად, ესენი იყვნენ ვლადიმირ პანიაევი და ვლადიმირ სუხაროვი, რომელიც ნიკოლაი გოროხოვის პასპორტით სარგებლობდა. მათი გადაადგილება ქვეყანაში ემთხვეოდა მწერლის მოგზაურობას რეგიონში.
სავარაუდოდ, ბიკოვი შეიძლება მოწამლეს სასტუმროში ნოვოსიბირსკში, როცა მის პირად ნივთებზე მოათავსეს შხამი. ამავე დროს ქალაქში იყვნენ ФСБ-ს თანამშრომლები, ვლადიმირ პანიაევი და ივან ოსიპოვი (ვლადიმირ ალექსეევის და ივან სპირიდონოვის პასპორტებით).
საავადმყოფოში ბიკოვს ექიმებმა დიაგნოზი ვერ დაუსვეს. ის სამედიცინო თვითმფრინავით გადაიყვანეს მოსკოვში. თვითონ მწერალი მოგვიანებით აცხადებდა, რომ ეს იყო საკვებით მოწამვლა, ან რაიმე ინფექცია.
გამოძიების ავტორებს ბიკოვმა ვერ უთხრა, რატომ შეიძლებოდა ვინმეს მისი მოკვლა დაეგეგმა. ბიკოვი გაზეთ „სობესედნიკის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე იყო. გამოცემა აქვეყნებდა ანტიკორუფციულ გამოკვლევებს.
ის ასევე ავტორია სატირული პროექტის, „მოქალაქე პოეტის“ ტექსტებისა, რომლებიც დასცინოდა პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა მოვლენას.