შუქრუთელებმა, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ მიმდინარე მოლაპარაკების ფონზე, მშრალი შიმშილობა შეწყვიტეს.
„მოლაპარაკებები მიმდინარეობს, იმედიანად ვართ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას შუქრუთელების პროტესტის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ნეფარიძემ.
შუქრუთის მცხოვრებლებმა, რომლებიც 29 დღეა შიმშილობენ, სითხის მიღება დაიწყეს. ისინი ამერიკის საელჩოს წინ რჩებიან და მოითხოვენ მათი საცხოვრებელი სახლებისთვის მიყენებული ზარალის გამჭვირვალე შეფასებას სამხარაულის ბიუროს მიერ, რათა სოფლიდან განსახლებისთვის კომპენსაცია მიიღონ.
„სანამ არ გაფორმდება ხელშეკრულება, ოფიციალურად, მანამდე დავრჩებით აქ, რა თქმა უნდა“, - თქვა გიორგი ნეფარიძემ.
7 ივნისს, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ ფეისბუკის გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ პროტესტის მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს:
„7 ივნისს კონსტრუქციული მოლაპარაკებები შედგა პროტესტის მონაწილეებსა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის.
დღის მანძილზე რამდენიმე დიალოგი გაიმართა პროტესტის მონაწილეებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის, რომლის შედეგების ასახვას მხარეები იმედოვნებენ იურიდიული დოკუმენტით“.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის 10 ოჯახის წარმომადგენლები თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან მეათე დღეა, რაც პროტესტს მართავენ. მათი პროტესტი სოფელ შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან ჯერ კიდევ თებერვალში დაიწყო და 30 მაისს თბილისში გადმოინაცვლა. მოშიმშილეების ნაწილმა, ხუთმა კაცმა და სამმა ქალმა, პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.