ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის „ფეისბუკზე" ბენეფიციარი არასრულწლოვნების ვიდეოების „ფეისბუკზე გავრცელების შემდეგ ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ მოითხოვა მთავარეპისკოპოს სპირიდონის შემაკავებელი ორდერის გამოწერა.
„ხალხო, სპირიდონის მოქმედება და სახელმწიფოს უმოქმედობა არის ძალადობა ბავშვებზე. ასეთ ვიდეოებს ზრუნვის სააგენტო სასამართლოში იყენებს ძალადობის სამტკიცებლად ხოლმე. ამიტომ, პოლიციას მივაწოდეთ ინფორმაცია და მოვითხოვეთ სპირიდონის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა. უნდა განაცალკევონ ბავშვებისგან დაუყოვნებლივ! ვნახოთ აბა რას იზამენ.
პ.ს. ორივე ვიდეო სამუშაო მაგიდაზე უკვე უდევს მოსამართლეს!", - წერს ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტი ანა აბაშიძე „ფეისბუკზე".
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო ბავშვთა სახლის არასრულწლოვანი ბენეფიციარების ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების საკითხის შესწავლა.
„ფეისბუკის" გვერდზე, რომელზეც წლების განმავლობაში ქვეყნდება მთავარეპისკოპოს სპირიდონის საქმიანობა, დღეს, 4 ივნისს გამოქვეყნდა ბენეფიციარი ბავშვების ამსახველი ვიდეოკადრები.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ცნობით, ნინოწმინდის პანსიონატის დატოვების სურვილი 16-მა ბავშვმა გამოთქვა.