Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირმა ჭკადუა: „ბიზნესმენ ირაკლი კაჭარავას მიზანი ნიკოლოზ ბასილაშვილის რეპუტაციის შელახვაა“


ირმა ჭკადუა
ირმა ჭკადუა

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, სპორტსმენსა და ბიზნესმენ ირაკლი კაჭარავას შორის არანაირი ხელშეკრულება არ არსებობს და კაჭარავას მიერ სკანდალის აგორების მიზანი, სინამდვილეში, ბასილაშვილის რეპუტაციის შელახვაა. ირმა ჭკადუამ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

„ნიკოლოზ ბასილაშვილის იურისტები არ ვაპირებთ პასუხი გავცეთ ვინმე ირაკლი კაჭარავას მიერ სიცრუეზე დაფუძნებულ ბრალდებებს, რომელიც აშკარად ბმაშია 2020 წელს წამოწყებულ კამპანისთან, რომლის მიზანიც სპორტსმენის რეპუტაციის შელახვაა. ჩვენ სიღრმისეულად გავეცანით სარჩელს და ვერ აღმოვაჩინეთ ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც სასამართლომ შესაძლოა გაიზიაროს. ჩვენს პროფესიულ ხედვას ამყარებს ის გარემოებაც, რომ მიმდინარე წლის 27 აპრილს სასამართლომ არ დააკმაყოფილა კაჭარავას მიერ მოთხოვნილი ყადაღა.

აქვე განვმარტავთ, რომ ბუნებაში არ არსებობს არანაირი ხელშეკრულება ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ირაკლი კაჭარავს შორის. შესაბამისად, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, რაიმე სახის სერიოზული კომენტარი გავაკეთოთ აღნიშნულ საკითხზე.

დაბოლოს, მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, ნებსით თუ უნებლიეთ არ მოხდეს ჟურნალისტების შეცდომაში შეყვანა, ნუ დაეყრდნობიან მხოლოდ ირაკლი კაჭარავას მოსაზრებას; პირველ რიგში, მოითხოვონ ოფიციალური ხელშეკრულება, რომელიც, როგორც თავში აღვნიშნეთ, ბუნებაში არ არსებობს“, - დაწერა ირმა ჭკადუამ.

ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში ამჟამად ორი გამოძიება მიმდინარეობს. ყოფილი ცოლის მიმართ ძალადობის საქმეზე ბრალდებულ ჩოგბურთელს მეორე მომჩივანი, დაახლოებით, ერთი თვის წინ გამოუჩნდა აბსოლუტურად განსხვავებული ბრალდებით: ბიზნესმენი ირაკლი კაჭარავა ბასილაშვილს ექვსი წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.

ბიზნესმენის საჩივრის თანახმად, მან ნიკოლოზ ბასილაშვილის სპორტულ კარიერაში ინვესტიცია ჯერ კიდევ 2015 წელს ჩადო და წლების განმავლობაში სპორტსმენს უნაზღაურებდა მთელ რიგ ხარჯებს. იმავე ხელშეკრულებაში ჩადებული იყო პუნქტი, რომლის თანახმადაც, თუკი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს რეიტინგის ორმოცდაათეულში შევიდოდა, მაშინ მისი საპრიზო და სარეკლამო ჰონორარებიდან წილი ირაკლი კაჭარავასაც უნდა მიეღო. ბასილაშვილი ორმოცდაათეულში ოთხი წლის წინ შევიდა, მაგრამ ხელშეკრულების პირობების შესრულებისგან დღემდე თავს იკავებს და მას შემდეგ, რაც კაჭარავამ სპორტსმენის ოჯახის წევრებთან მოლაპარაკების იმედი საბოლოოდ დაკარგა, სასამართლოს მიმართა.

XS
SM
MD
LG