შინაგან საქმეთა სამინისტრო „ნამახვანჰესის" მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილის დაკავების შესახებ იუწყება. შსს-ს ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე წყალტუბოს რაიონის სოფელ საყულიაში ბრალდებულის სახით დააკავეს 1992 წელს დაბადებული ი. მ.
გამოძიების ვერსიით, „ბრალდებული 29 მაისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე, თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს. ი.მ.-ს დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რის შემდეგაც პოლიციამ კანონმდებლობის შესაბამისად იძულების ღონისძიება გამოიყენა".
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის (პოლიციელზე თავდასხმა) პირველი ნაწილით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაახლოებით 220 დღეა, რაც ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ რიონის ხეობაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
საპროტესტო აქციების მონაწილეთა მოთხოვნები ასეთია:
- გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.
- გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ".
- გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
- თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
- საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნებში ასევე შედის ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ამ პროექტში.