საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისა და „ტენერიფე ლენოვოს“ წევრმა გიორგი შერმადინმა ერთ-ერთი უძლიერესი საკალათბურთო ლიგის - ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მოიპოვა. ლიგა ენდესას სეზონის MVP-ისთვის დამზადებული თასი 32 წლის ქართველ ცენტრს დღეს გადასცეს.
გიორგი შერმადინს მიმდინარე სეზონში ისეთი პირადი სტატისტიკა ჰქონდა და მატჩის, ტურისა და თვის საუკეთესო მოთამაშე იმდენჯერ გახდა, საბოლოო აღიარებაც მოსალოდნელი იყო. ლიგა ენდესას მესვეურებმა გამოსაკითხად 4 სეგმენტი შეარჩიეს – გულშემატკივრები, ჟურნალისტები, ესპანური ლიგის მწვრთნელები და მოთამაშეები. თითოეული სეგმენტის არჩევანს 25-პროცენტიანი ძალა ჰქონდა.
ჯერ კიდევ ორი კვირის დასრულდა გულშემატკივრების გამოკითხვა, რომელიც შერმადინმა დიდი უპირატესობით მოიგო - 7181 ხმით გაუსწრო უახლოეს მდევარს, მადრიდის „რეალის" ცენტრ ედი ტავარეშს.
ოთხივე სეგმენტის შედეგები ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ACB.COM-მა ახლაღა შეაჯამა და „ტენერიფე ლენოვოს“ ქართველი ლეგიონერი ესპანეთის უმაღლეს წერტილში, მთა ტეიდეზე გამართულ საზეიმო ცერემონიალზე დააჯილდოვა.
დაჯილდოვების ცერემონიალის შემდეგ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ გაავრცელა გიორგი შერმადინის ფოტოები და ვიდეოკომენტარი.