Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურნავა „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე: არ შეიძლება, კაშხლების მდგრადობაზე ვიღელვოთ მეგაფონებით


ნათია თურნავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნათია თურნავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა თბილისში მიმდინარე აქციის შეფასებისას ამბობს, რომ ამგვარი საკითხები არა ქუჩაში, არამედ ექსპერტების ჩართულობით წყდება:

„არ შეიძლება სეისმიკაზე, არ შეიძლება მიწისძვრებზე, არ შეიძლება კაშხლების მდგრადობაზე ვიღელვოთ ჩვენ მეგაფონებით და აქციების დროს“, - განუცხადა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს. მისი თქმით, იმისთვის, რომ „ნამახვანჰესი“ კარგად გათვლილი და უსაფრთხო პროექტი იყოს, მუშაობა მიმდინარეობს და არსებობს მზადყოფნაც, რომ პროცესში „რიონის ხეობის მცველებიც“ ჩაერთონ:

„მზად ვართ, რომ ვიმუშაოთ რიონის ხეობის მცველებთან, აქტივისტებთან იმაზე, რომ ეს პროექტი იყოს საბოლოოდ ისეთი, რომელიც არანაირ კითხვას აღარ იწვევს. ამისთვის ჩვენ ორი ძალიან კარგი პლატფორმა შევთავაზეთ. ერთი ეს არის ევროკავშირის ჩართულობით და მეორე ეს არის ექსპერტთა საბჭოს შექმნით და ესეთი საკითხები წყდება ექსპერტების ჩართულობით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. მან განაცხადა, რომ ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ „ნამახვანჰესი“ საჭირო პროექტია:

„ერთი წამითაც ეჭვი რომ მეპარებოდეს იმაში, რომ ძლიერი, დამოუკიდებელი, ეკონომიკურად გაძლიერებული საქართველოს ინტერესი გადის დამოუკიდებელ ენერგეტიკაზე და ამისთვის ნამახვანი, სტრატეგიული პროექტი საჭიროა, მე აქ თქვენს წინაშე არ ვიდგებოდი როგორც მინისტრი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციამ რიონის ხეობიდან თბილისში კვირას, 23 მაისს გადაინაცვლა. აქციის ორგანიზატორები ამბობდნენ, რომ თუ არ შესრულდებოდა მათი მოთხოვნები, თბილისის ქუჩების პარალიზებას შეეცდებოდნენ. მანამდე 200-ზე მეტი დღის განმავლობაში ისინი აქციას რიონის ხეობაში მართავდნენ.

26 მაისს "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები თბილისში კიდევ ერთ საპროტესტო აქციას გამართავენ, რის შემდეგაც ისინი ხეობის მიმართულებით დაიძვრებიან. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კომპანია "ენკას" ჰესის მშენებლობის პროცესში ადგილზე შეუშლიან ხელს.

საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნები ასეთია:

  • გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.
  • გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ".
  • გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
  • საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნებში ასევე შედის ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ამ პროექტში.

XS
SM
MD
LG