აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკელი ხალხის სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ჯო ბაიდენის მიერ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის გაგზავნილი მისალოცი წერილის შინაარსი საქართველოს მთავრობის ოფიცალურ ვებსაიტსა და ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა:
„ერთგული პარტნიორის რანგში, შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას მეტად დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე, რაც დამოუკიდებელი სასამართლოს და ინკლუზიური დემოკრატიული პროცესების გაძლიერებასაც გულისხმობს. ქართველი ხალხის გვერდით ვიქნებით ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური გავლენებისგან თავის დაღწევის მიმართულებით თქვენი ძალისხმევის გატარებისას“.
აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ დამოუკიდებლობის აღნიშვნა არ არის მხოლოდ საზეიმო თარიღი და იძლევა ისტორიის და ფასეულობების პატივისცემის შესაძლებლობას, რაც ერის ხასიათშია ჩაქსოვილი და ეს თარიღი იძლევა მომავალისკენ ხედვის შესაძლებლობასაც: „როდესაც საქართველოს ლიდერები და მოქალაქეები ქვეყნის დამოუკიდებლობის გაძლიერებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე დაწინაურებაზე ფიქრობთ, გახსოვდეთ, რომ შეერთებული შტატები თქვენს გვერდით დგას. შეერთებულ შტატებში მამაცი ქართველი ჯარისკაცების მადლიერნი ვართ, რადგან ისინი ავღანეთის ტერიტორიაზე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის პროგრამებში ჩვენი მეომრების გვერდში მსახურობენ და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ალიანსში გაწევრიანების პერიოდში“.
ჯო ბაიდენის წერილის თანახმად, „ასევე ვაღიარებთ გარედან მომდინარე იმ გამოწვევების მნიშვნელობას, რაც საქართველოს აქვს. ქვეყანა განაგრძობს მათთან გამკლავებას. დღეს ჩემი ფიქრები მიმართულია ყველა იმ ადამიანისკენ, რომლებიც რუსეთის ოკუპაციის პირობებში ცხოვრობენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცედ ერთგული რჩება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.
1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.