2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების ხელმომწერი საპარლამენტო ოპოზიციური ძალების ნაწილი პრინციპულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, არ აირჩიონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როგორც მოსამართლე, ისე არამოსამართლე წევრები მანამ, სანამ პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირების მიზნით, შეთანხმებით გათვალისწინებულ საკანონმდებლო ცვლილებებს არ შეიმუშავებს.
განცხადებას აღნიშნულის შესახებ ხელს 5 სუბიექტი აწერს. ესენი არიან საპარლამენტო ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“, პოლიტიკური გაერთიანება „სტრატეგია აღმაშენებელი“, ხათუნა სამნიძე, „რესპუბლიკური პარტია“, დავით ბაქრაძე, დამოუკიდებელი დეპუტატი და ზურა ჯაფარიძე - „გირჩი - მეტი თავისუფლება“.
საბჭოს დაკომპლექტებისკენ გადადგმული ნაბიჯები, და ამ ნაბიჯების მხარდამჭერი პოზიცია მანამ, სანამ პარლამენტს არც კი დაუწყია მსჯელობა რეფორმის ამ ნაწილზე, მათი მხრიდან შეფასებულია როგორც 19 აპრილის შეთანხმებით აღებული ვალდებულების არშესრულების მცდელობა.
„სასამართლოს სწორი და სიღრმისეული რეფორმა ჩვენი ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული მომავლის ქვაკუთხედია. აღნიშნული საკითხის აქტუალობას ამძაფრებს ისიც, რომ სასამართლოს შესაბამისი რეფორმის განხორციელება წარმოადგენს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მაკრო-ფინანსური დახმარების გაგრძელების მკაცრ წინაპირობას, რაზეც საუბარი იყო ელჩების მიერ ორი დღის წინ გავრცელებულ განცხადებაშიც.
საქართველოს მოქალაქეებს არაერთი წარუმატებელი სასამართლო რეფორმა ახსოვთ, ამის უმთავრესი მიზეზი იყო ის, რომ ვერც რეფორმის პროცესმა და ვერც შედეგმა სასამართლოს მიმართ საზოგადოებაში ვერ შექმნა ნდობა. საზოგადოების ნდობა კი კრიტიკულად აუცილებელია - მის გარეშე შეთანხმებით გათვალისწინებული ცვლილებები შედეგს ვერ გამოიღებს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ა.წ. 26 მაისს ჩანიშნული მოსამართლეთა კონფერენცია, რომლის მიზანია იუსტიციის საბჭოს 4 ახალი წევრის არჩევა, უნდა გადაიდოს. ახალი მოსამართლე წევრები არჩეულ უნდა იქნან ახალი წესით, რომლის შემუშავებაც რეფორმის ფარგლებში უნდა მოხდეს. ასევე, რეფორმა უნდა უსწრებდეს წინ საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევასაც“, - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების ხელისმომწერები, თავის მხრივ, იღებენ ვალდებულებას, რომ პარლამენტმა პრიორიტეტულად გამოყოს კონკრეტულად იუსტიციის საბჭოს რეფორმირებასთან დაკავშირებული საკითხი და გონივრულ ვადაში მოხდეს შესაბამისი ცვლილებების ინიცირება და მიღება.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრის ასარჩევად მოსამართლეთა 29-ე რიგგარეშე კონფერენცია 26 მაისს დაინიშნა. კონფერენციის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორისაა საბჭოს იმ 4 მოსამართლე წევრის ადგილმონაცვლეების შერჩევის საკითხიც, რომელთაც უფლებამოსილების ვადა ივნისში ეწურებათ. ესენი არიან დიმიტრი გვრიტიშვილი, ირაკლი ბონდარენკო, ვასილ მშვენიერაძე და ირაკლი შენგელია.
არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიების ნაწილი მოითხოვენ, შეჩერდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 4 მოსამართლე წევრის არჩევის საკითხი მანამ, სანამ 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად არ განხორციელდება მართლმსაჯულების რეფორმა. ისინი მოუწოდებენ პარლამენტს, დაჩქარებული წესით შეიმუშაოს და მიიღოს „საერთო სასამართლოების“ შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილება და საკანონმდებლო აქტით დროებით შეაჩეროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის პროცესი. მათ შორის, ფრაქციამ „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ 19 მაისს პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტიც დაარეგისტრირა.
22 მაისს ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა და ევროპის საბჭოს აპარატის უფროსმა, ნატალია ვუტოვამ პარლამენტის თავმჯდომარეს წერილი მისწერეს და მას 19 აპრილის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები შეახსენეს. დიპლომატებმა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესის შეჩერება მოითხოვეს.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უფლებამოსილების ვადა ერთ თვეში, ივნისში, 4 მოსამართლე წევრთან ერთად ეწურება 5 არამოსამართლე წევრსაც.