Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობოები მოითხოვენ შეჩერდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის პროცესი


9 არასამთავრობო ორგანიზაცია საერთო სასამართლოების მოსამართლეებს მოუწოდებს, 26 მაისს არ ჩაატარონ რიგგარეშე კონფერენცია, რომელზეც დაგეგმილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრის არჩევა.

ორგანიზაციების განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების ერთ-ერთ საკვანძო საკითხს სწორედ მართლმსაჯულების რეფორმა წარმოადგენს, რომელიც, თავის მხრივ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმასაც გულისხმობს. ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისა და მისდამი საზოგადოების ნდობის არსებობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საბჭოს იმგვარად დაკომპლექტება, რაც შეამცირებს ამ ინსტიტუტის შიდა და გარე გავლენების ინსტრუმენტად გამოყენებას.

„მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს 15 წევრიდან 9 (ოთხი მოსამართლე და 5 არამოსამართლე წევრი) ახლიდან უნდა აირჩეს 2021 წლის საგაზაფხულო სესიის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტს ჯერ კიდევ არ დაუწყია მუშაობა საბჭოს დაკომპლექტების წესის ცვლილებაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, რიგგარეშე კონფერენციის ჩატარება და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევა ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას და სპობს შესაძლებლობას საბჭოს მოსამართლე წევრები შერჩეულნი იყვნენ სამართლიანი პროცესის შედეგად, ხოლო შერჩეულ კანდიდატებს ჰქონდეთ მაღალი საზოგადოებრივი და პროფესიული ნდობა და ლეგიტიმაცია“, - აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

მათი მიმართვის ადრესატია ასევე საქართველოს პარლამენტი, რომელსაც მოუწოდებენ დაჩქარებული წესით შეიმუშაოს და მიიღოს „საერთო სასამართლოების“ შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილება და საკანონმდებლო აქტით დროებით შეაჩეროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის პროცესი.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებითვე, აუცილებელია დროებით შეიქმნას სამუშაო ფორმატი, რომელშიც შესაძლებელი იქნება როგორც მართლმსაჯულების რეფორმის უკვე განხორციელებული ტალღების შეფასება, ასევე სამომავლო ფუნდამენტურ რეფორმაზე მუშაობა.

განცხადებას ხელს აწერენ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)“, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)“, „უფლებები საქართველო“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)“, „ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო (OSGF)“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC“ და ), „ევროპის ფონდი“.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 4 მოსამართლე წევრის არჩევის პროცესის შეჩერებას მხარს უჭერენ ცალკეული ოპოზიციური პარტიებიც. მათ შორის „ლელომ“ 19 მაისს პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტიც დაარეგისტრირა, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ და პოლიტიკურმა მოძრაობამ „დროა“ კი საგანგებო განცხადებები გაავრცელეს.

„რესპუბლიკური პარტიის“ განცხადებაში კერძოდ, აღნიშნულია, რომ მოსამართლეთა კონფერენციის დანიშვნა, რათა ერთ დღეში იქნას არჩეული 4 მოსამართლე წევრი იუსტიციის საბჭოში, გულისხმობს სასამართლოში „არსებული მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის“ გაძლიერების გეგმას.

„საბჭოს სურს თავისი “მხარდამჭერები” და მათივე ინტერესების შეუპასუხებლად გამტარებელი ადამიანები შემოიკრიბოს და არ ელოდება პარლამენტის მიერ რეფორმაზე მუშაობის დაწყებას. რა თქმა უნდა, ეს აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჩქარობს, დაასწროს რეფორმის განხორციელებას და განამტკიცოს თავის გავლენები. ნათელია, რომ კლანი ვერ იცდის და არ სურს საბჭოს წევრების არჩევა იყოს ღია და გამჭვირვალე“, - აღნიშნულია „რესპუბლიკური პარტიის“ განცხადებაში.

თავის მხრივ, „დროა“ წერს, რომ დაგეგმილი ცვლილებების დაჩქარებულ ვადებში მიმდინარეობა ხელს უწყობს ე.წ. კლანს, მისთვის სასურველი კანდიდატები შეარჩიოს იმისთვის, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში მხარი დაუჭირონ მის ყველა გადაწყვეტილებას.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრის ასარჩევად მოსამართლეთა 29-ე რიგგარეშე კონფერენცია 26 მაისს დაინიშნა. კონფერენციის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორისაა საბჭოს იმ 4 მოსამართლე წევრის ადგილმონაცვლეების შერჩევის საკითხიც, რომელთაც უფლებამოსილების ვადა ივნისში ეწურებათ. ესენი არიან დიმიტრი გვრიტიშვილი, ირაკლი ბონდარენკო, ვასილ მშვენიერაძე და ირაკლი შენგელია.

XS
SM
MD
LG