Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელს და "ჰამასს" შორის საზავო რეჟიმი ამოქმედდა


ავიაიერიშების შედეგად დანგრეული უბანი ქალაქ ღაზაში. 2021 წლის 18 მაისი
ავიაიერიშების შედეგად დანგრეული უბანი ქალაქ ღაზაში. 2021 წლის 18 მაისი

21 მაისს, ადგილობრივი დროით 02:00 საათზე ამოქმედდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ისრაელს და პალესტინელთა გასამხედროებულ დაჯგუფება „ჰამასს“ შორის. მხარეებმა საზავო შეთანხმებას 20 მაისს, საღამოს მიაღწიეს ეგვიპტის შუამავლობით. 11-დღიანი შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

ისრაელის არმიის და "ჰამასის" შეიარაღებული დაპირისპირება 10 მაისს განახლდა მას შემდეგ, რაც ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებას აღმოსავლეთ იერუსალიმიდან პალესტინელების რამდენიმე ოჯახის გასახლების შესახებ, მოჰყვა საპროტესტო აქციები და მასობრივი არეულობა. „ჰამასმა“ გამოაცხადა, რომ იერუსალიმს დაიცავს და ღაზის სექტორიდან ისრაელზე მიიტანა სარაკეტო იერიში, რომელსაც ისრაელის თავდაცვის ძალების საპასუხო შეტევა მოჰყვა.

პალესტინური მხარის ინფორმაციით, ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაიღუპა 232 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 100-მდე ბავშვი და ქალი. ისრაელის თანახმად, ღაზის სექტორში დაღუპული სულ მცირე 150 პირი ექსტრემისტული დაჯგუფებების „ჰამასის“ და „ისლამური ჯიჰადის“ წევრი იყო.

ისრაელის ავიაციის მიერ დაბომბილი "ჰამასის" ობიექტი ქალაქ ღაზაში
ისრაელის ავიაციის მიერ დაბომბილი "ჰამასის" ობიექტი ქალაქ ღაზაში

ისრაელის ოფიციალური მონაცემებით, ღაზის სექტორიდან სარაკეტო იერიშების შედეგად ისრაელში დაღუპულია 12 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი.

ისრაელის ქალაქ აშკელონში მდებარე შენობა "ჰამასის" სარაკეტო იერიშის შემდეგ
ისრაელის ქალაქ აშკელონში მდებარე შენობა "ჰამასის" სარაკეტო იერიშის შემდეგ

ისრაელს და ღაზის სექტორს შორის ცეცხლის შეწყვეტას მიესალმა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში და მხარეებს შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც ბოლო დღეებში ისრაელს ზავისკენ მოუწოდებდა, გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუს. ბაიდენის განცხადებითვე, აშშ გააგრძელებს დიპლომატიურ ძალისხმევას ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მოსაგვარებლად და გაეროსთან ერთად იმუშავებს ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად. ისრაელს და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტას მიესალმა ევროკავშირიც.

XS
SM
MD
LG