Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასაქმების სააგენტო გერმანიაში დროებით დასაქმებულებზე: კონკრეტული ჯგუფის პირობები გაუმჯობესდება


დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გერმანიაში დასაქმებულ ქართველებთან დაკავშირებით მედიაში, მათ შორის, რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ამბობს, რომ იმ ჯგუფის პირობები გაუმჯობესდება, რომელსაც გარკვეული პრობლემები ჰქონდა დამსაქმებელთან. სააგენტო ამბობს, რომ ეს ინფორმაცია გერმანიის დასაქმების სააგენტოსგან მიიღეს "ქართული მხარის აქტიური მუშაობის შედეგად".

"დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, თავისი კომპეტენციის და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, სრულად იზიარებს წუხილს, რომელიც გამოითქვა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში გამგზავრებული ერთი ჯგუფის მხრიდან. ისე როგორც ყველა წამოწყებას, შეთანხმების განხორციელების ამ ეტაპზე არის როგორც პოზიტიური გამოხმაურებები, ასევე, ცალკეული საკითხები, რომელიც გერმანულ მხარესთან ერთად საჭიროებს გადაჭრას.

გიდასტურებთ, რომ ერთი ჯგუფის წარმომადგენელთა მხრიდან იყო უკმაყოფილება დამსაქმებლის მხრიდან სამუშაო აღწერილობაში შეთავაზებული პირობების დარღვევის გამო. აღნიშნულის თაობაზე, ინფორმაციის მიღებისთანავე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მხრიდან მოხდა პირველი კომუნიკაცია გერმანულ მხარესთან. თავის მხრივ, გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტომ, პროცესში ჩართო სხვა შესაბამისი უწყებებიც, რომლებიც დაინტერესდნენ ამ თემით და რასაც დასჭირდა რამდენიმე დღე", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ "მსგავსი საკითხის ზედმეტად აქტუალიზირება არ ემსახურება ხელშეკრულების იმპლემენტაციის კეთილსინდისიერ ინტერესს და მიზანმიმართულად ახდენს შეთანხმების დისკრედიტაციას".

სააგენტოს განცხადების თანახმად, ქართულ მხარეს მსგავსი პრობლემა არ ჰქონია ამ დრომდე არცერთ სხვა დამსაქმებლებთან და ცალკეულ შემთხვევებში ანალოგიური გამოწვევების დარეგულირება მომავალშიც მოხდება პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობით.

"გერმანიასა და საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულებიდან და სამუშაო შეთავაზების პირობებიდან გამომდინარე, დამსაქმებელი დათანხმდა მხოლოდ საქართველოდან ჩასული სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულებს გადაუხადოს საათობრივი ანაზღაურება. იმ შემთხვევაში, თუ მიცემული პირობა არ იქნება დაკმაყოფილებული, ქართული მხარე მოითხოვს ამ კონკრეტული ჯგუფის წევრების გადანაწილებას სხვა დამსაქმებლებთან", - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

რადიო თავისუფლებამ 18 მაისს გამოაქვეყნა მასალა 9 მაისს გერმანიაში სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქეების 24-კაციანი ჯგუფის შესახებ, რომლის წევრებიც ამბობდნენ, რომ მათ დამსაქმებელმა პირობები ცალმხრივად შეუცვალა.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მეშვეობით 2021 წლის 14 აპრილიდან მაისის 15 რიცხვამდე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა სულ 4 ჯგუფი 54 პირის შემადგენლობით.

XS
SM
MD
LG