Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენი: აშშ უკრაინასთან პარტნიორობისა და ამ ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულია


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, რომელიც კიევს სტუმრობს, დაადასტურა ვაშინგტონის ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მისი თქმით, გარედან რუსული აგრესიის გარდა, უკრაინას ებრძვის შინაგანი მტერი, კორუფციის და ოლიგარქების სახით.

ენტონი ბლინკენი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალი რანგის პირველი წარმომადგენელია, რომელიც კიევში ჩავიდა.

მე აქ ძალიან მარტივის მიზეზით ჩამოვედი, თქვა ბლინკენმა, პრეზიდენტ ბაიდენის სახელით „დავადასტურო ჩვენი მტკიცე ერთგულება ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის, უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებობისადმი“, განაცხადა ბლინკენმა კიევში 6 მაისს.

ბლინკენის ერთდღიანი ვიზიტის მიზანია უკრაინისადმი მხარდაჭერის მძლავრი სიგნალი გაავრცელოს რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე.

6 მაისს ბლინკენი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ სურს აშშ-სგან გაიგონოს ნატოში უკრაინის გაწევრიანების სურვილის მტკიცე მხარდაჭერის სიგნალი. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან კიევში მიიწვია აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი. ენტონი ბლინკენის თანახმად, ბაიდენი კიევში ჩავა და იმის მიხედვით, თუ როგორ იქნება ვითარება, განისაზღვრება ამ ვიზიტის თარიღი. სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინას, გარდა გარედან საფრთხისა რუსეთის სახით, რომელიც არ მცირდება, ქვეყნის შიგნით არსებული კორუფცია ებრძვის, რის დასაძლევადაც საჭიროა რეფორმების გაგრძელება.ოლტიგარქები საკუთარ ინეტერესებს აყენებენ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, თქვა მან.

ბლინკენმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ აშშ მხარს უჭერს ნატოში უკრაინის შესვლას. სამხედრო დახმარების გარშემო სახელმწიფო მდივანს კონკრეტულ შეთანხმებაზე არ ულაპარაკია, განაცხადა მხოლოდ, რომ განიხილეს უკრაინისთვის დახმარების საკითხი არა მხოლოდ აშშ-სგან, არამედ მოკავშირეებისგანაც.

ბლინკენი ზელენსკისთან შეხვედრამდე ესაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრი კულებას, რომელმაც ბლინკენს უთხრა, რომ კიევი "ღრმად აფასებს" აშშ-ის დახმარებას მოსკოვის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ბლინკენის კიევში სტუმრობისას გაიმართა უკრაინის პარლამენტის დეპუტატებთან და სამოქალაქო ლიდერებთან შეხვედრა.

XS
SM
MD
LG