Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ქადაგიშვილი: ბუნებრივია, ივერი მელაშვილს გარეჯში გულთბილად არ დახვდებოდნენ


„ქართული ოცნების“ დეპუტატი და კახეთის ყოფილი გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, სასულიერო პირების მხრიდან ივერი მელაშვილსა და „მთავარი არხის“ ჟურნალისტებზე თავდასხმასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ბინებრივია, როცა იქ მელაშვილს გულთბილად არ შეხვდნენ და ამაზე უნდა ეფიქრათ მაშინ, როცა "კარტოგრაფების საქმის" ბრალდებული "იქ ჩაჰყავდათ."

დეპუტატმა 4 მაისს, მონასტრის ტერიტორიაზე მომხდარ ძალადობის ფაქტზე პალიტრანიუსის ეთერში ილაპარაკა, სადაც გამორიცხა ხელისუფლების პასუხისმგებლობა მომხდარ ფაქტზე და თქვა, რომ ამ საკითხის პოლიტიზირება ოპოზიციის პროპაგანდის შედეგია.

"ზოგადად, ივერი მელაშვილი რომ ჩაჰყავდათ იმ მონასტერში, სადაც ამ მონასტერმა მთელი მოღვაწეობის ნაწილი შეალია იმას, ემტკიცებინა, რომ ეს არ არის აზერბაიჯანის და არის საქართველოსი და ასე იყო ამა და ამ რუკების მიხედვით, რომელიც უნდა განხილულიყო და რომელიც, სამწუხაროდ, იყო უგულებელყოფილი, ბუნებრივია, იმას იქ გულმხურვალე და გულთბილ შეხვედრას არ მოუწყობდნენ“, - თქვა დეპუტატმა მომხდარ ფაქტზე და ამავე დროს აღნიშნა, რომ ძალადობის წინააღმდეგია.

"ხელისუფლებამ ეს თემა წამოწია, როგორც საერთოდ საქართველოსთვის სასარგებლო თემა, ოპოზიციამ ეს თემა მაშინვე გადაიტანა პოლიტიკურ ჭრილში" - ამბობს დეპუტატი. ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად, ახლა როცა ნაპოვნია გამოძიების ვერსიით ვარგისი რუკა საზღვრის საქართველოს სასარგებლოდ გადასაწყვეტად, რა ეტაპზეა მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან დავით-გარეჯის საკითხზე, მან თქვა, რომ ამ რუკებით ამ ტერიტორიების ერთ დღეში დაბრუნება არ მოხდება, თუმცა მომავალი მოლაპარაკების პროცესი ამ სამართლებრივ სივრცეში იქნება მოქცეული.

ივერი მელაშვილსა და "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე 4 მაისს დაესხნენ თავს სასულიერო და საერო პირები. დაზიანებულია ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკა. როგორც ადგილზე მყოფი "მთავარი არხის" ჟურნალისტი, ნინუცა კეკელია ჰყვება, სამონასტრო კომპლექსში ივერი მელაშვილთან ერთად სიუჟეტის მოსამზადებლად ჩავიდა. შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. შს მინისტრი ამბობს, რომ დაისჯება ყველა, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ივერი მელაშვილს თავს დაესხნენ. მას პატიმრობიდან გათავისუფლებიდან რამდენიმე დღეში ტექნიკის მაღაზიაში მიაყენეს შეურაცხყოფა. მაშინ მისმა ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა.

ივერი მელაშვილისთვის წარდგენილ ბრალში დავით-გარეჯის საკითხი არ ფიგურირებს იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ საზღვრის ეს მონაკვეთი ამ დრომდე შეუთანხმებელია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. ამის მიუხედავად,ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გამოძიების დაწყების დროიდან კარტოგრაფების საქმეზე საუბრისას აქცენტი კეთდება დავით-გარეჯის დაკარგვის საფრთხეზე.

"კარტოგრაფების საქმეზე" ბრალდებული ივერი მელაშვილი მეორე ბრალდებულ ნატალია ილიჩოვასთან ერთად წინასწარი პატიმრობიდან სასამართლო დარბაზიდან 28 იანვარს გათავისუფლდა. სახელმწიფო ბრალდების მხარე მას მაღალი თანამდებობის პირების დავალებით ქვეყნისთვის საზიანოდ ტერიტორიების შეთანხმებას ედავება აზერბაიჯანის სასარგებლოდ. არც ივერი მელაშვილი და არც ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ.

ივერი მელაშვილი: გამოძიება ეძებს “ნატვრის თვალს”
please wait

No media source currently available

0:00 0:10:37 0:00

XS
SM
MD
LG