პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ, თავის უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინის ნატოსკენ სწრაფვას და ალიანსის ივნისის სამიტზე განხილული იქნება გაწევრიანების „საგზაო რუკის“ საკითხი.
პოლონეთის პრეზიდენტის თანახმად, ნატოს ივნისის სამიტზე ალიანსის წევრი სახელმწიფოების და მთავრობების მეთაურები იმსჯელებენ ასევე უკრაინის უსაფრთხოების და, ამ კონტექსტში, მთელი ცენტრალური ევროპის, უსაფრთხოების საკითხებზე.
„ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების „საგზაო რუკა“ ის ფუნდამენტური საკითხია, რისთვისაც უკრაინა იღვწის. და ჩვენ და ჩვენი მეგობრები ევროპის ამ ნაწილში მხარს ვუჭერთ უკრაინის ამ მისწრაფებას“, - განაცხადა ანჯეი დუდამ ორშაბათს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს.
აპრილის დასაწყისში, როდესაც რუსეთმა დიდ სამხედრო ძალას მოუყარა თავი უკრაინის საზღვართან და ასევე ანექსირებულ ყირიმში, უკრიანის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „დონბასში მიმდინარე ომის დასრულების ერთადერთ გზად ნატოს“ მიიჩნევს. მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივანს, ასევე საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს მოუწოდა, რომ განიხილონ ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო პროგრამის (MAP) მიღების საკითხი.
„ბატონო სტოლტენბერგ, ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი არმიის და თავდაცვის სფეროს რეფორმებისა, მაგრამ მარტო რეფორმებით რუსეთს ვერ შევაჩერებთ. ნატოა დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზა. რუსეთისათვის ნამდვილი სიგნალი იქნება უკრაინისათვის MAP-ის (ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო პროგრამა) მიცემა“, - წერდა ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგისათვის ტვიტერით გაგზავნილ მიმართვაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღიარა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება არის ხანგრძლივი პროცესი და იგი არ წარმოადგენს დღევანდელი და ხვალინდელის დღის საკითხს. „მაგრამ მკაფიო წარმოდგენა უნდა გვქონდეს ამ პროცესის გრაფიკზე. მსჯელობა სწორედ ამის თაობაზე მიმდინარეობს“, - განაცხადა უკრაინელმა მინისტრმა.
პარტნიორი ქვეყნისათვის გაწევრიანების სამოქმედო პროგრამის მინიჭების საკითხს კონსენსუსით წყვეტენ ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები. უკრაინაც და საქართველოც გაწევრიანების „საგზაო რუკის“ - გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მიღებას 2008 წლის ბუქარესტის ნატოს სამიტის დროიდან ელიან.
ნატო საქართველოსა და უკრაინას „სტრატეგიულ პარტნიორებად“ განიხილავს, ორივე ქვეყანას მინიჭებული აქვს „გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორის“ (EOP) სტატუსი.