ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიული საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფმა (SAGE) გამოაქვეყნა კორონავირუსის ჩინური ვაქცინის, „სინოფარმის“ ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესახებ მტკიცებულებების შეფასება. ექსპერტები „დარწმუნების მაღალი ხარისხით“ აცხადებენ, რომ 18-59 წლის გამოსაცდელ ჯგუფებში ამ ვაქცინის ორი დოზა ეფექტიანია კორონავირუსის წინააღმდეგ. ისინი „დარწმუნების საშუალო ხარისხით“ აცხადებენ, რომ აცრის შემდეგ სერიოზული გვერდითი მოვლენების რისკი დაბალია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ოფიციალურ შეფასებას რამდენიმე დღეში, ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციის საფუძველზე გააკეთებს.
რა წერია შეფასებაში „სინოფარმის“ ეფექტიანობის შესახებ?
„სინოფარმის“ ეფექტიანობის კვლევაში მონაწილეობა მიიღო 13,765-მა ადამიანმა. ამ კვლევის თანახმად, ვაქცინა 78,1%-ით ეფექტიანია კორონავირუსის ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ. სტრატეგიული საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფის თანახმად, 50%-ზე მეტი ეფექტიანობა საკმარისია იმისთვის, რომ ვაქცინამ რეკომენდაცია მიიღოს. 70% და მეტი, შესაბამისად, ვაქცინისთვის ითვლება კარგ მაჩვენებლად.
კლინიკური კვლევის გარდა, ექსპერტთა ჯგუფი განიხილავს რეალურ ცხოვრებაში ვაქცინის გამოყენების შედეგებსაც. „სინოფარმის“ გამოყენება 45 ქვეყანაშია ავტორიზებული და დღემდე მსოფლიოში მისი 65 მილიონი დოზა გაკეთდა. საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფს მოჰყავს ბაჰრეინის მაგალითი, სადაც „სინოფარმმა“ 90%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.
შეფასებაში ნათქვამია, რომ გრძელდება სხვა ქვეყნებში ჩატარებული ვაქცინაციის კამპანიის შედეგების შესწავლა, მათ შორის, პერუში, არგენტინაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და პაკისტანში.
რა არ ვიცით „სინოფარმის“ ეფექტიანობის შესახებ?
შეფასებაში ნათქვამია, რომ ექსპერტების „დარწმუნების დაბალი ხარისხი“ აქვთ 60 წელს გადაცილებულთა ვაქცინაციის ეფექტიანობის შესახებ მტკიცებულებებში და არც იმის მტკიცებულება გააჩნიათ, რომ აცრა ამ ასაკობრივ ჯგუფში უსაფრთხოა.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ექსპერტებმა 60 წელს გადაცილებულთა აცრა არაეფექტიანად ან საფრთხიანად მიიჩნიეს - მხოლოდ იმას, რომ კვლევა ამ ასაკობრივ ჯგუფში ადეკვატურად არ ჩატარებულა. კვლევაში 60 წელს გადაცილებულმა 415-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და კორონავირუსით არცერთი მათგანი არ დაავადებულა - არც აცრილთა და არც პლაცებოს ჯგუფიდან.
რა წერია „სინოფარმის“ გვერდითი მოვლენების შესახებ?
კვლევისას გვერდითი მოვლენების უმეტესობა მსუბუქი ან ზომიერი იყო - ტკივილი ჩხვლეტის ადგილას, თავის ტკივილი და დაღლილობა.
გამოვლინდა ორი სერიოზული გვერდითი მოვლენა, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ვაქცინაციასთან - ძლიერი გულისრევა და ანთებითი დემიელინაციის სინდრომი.
ექსპერტთა ჯგუფს მოჰყავს ჩინეთში, „სინოფარმით“ აცრილებზე დაკვირვების შედეგებიც. სულ 5,9 მილიონი ადამიანიდან გვერდითი მოვლენები დაუფიქსირდა 1,453-ს. 202 ადამიანს სიცხე დაუფიქსირდა, აქედან 86-ს - მაღალი (38,6 გრადუსზე მეტი).
რატომ არის მნიშვნელოვანი ეს შეფასება?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ნიშნავს, რომ ვაქცინა დამტკიცებულია საგანგებო გამოყენებისთვის (Emergency use listing). ჯანმო გადაწყვეტილებას ექსპერტთა გუნდის განხილვის შემდეგ მიიღებს. ავტორიზაცია მნიშვნელოვნად აჩქარებს ვაქცინის იმპორტის პროცესს.
საქართველოში „სინოფარმით” აცრაზე რეგისტრაცია 27 აპრილიდან დაიწყო. ეს ერთადერთი ვაქცინაა, რომელიც 18-დან 55 წლამდე მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია. „სინოფარმის“ წარმოებული ვაქცინის 100 000 დოზა საქართველოში 3 აპრილს შემოვიდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თანახმად, „სინოფარმის“ დამატებით ნახევარ მილიონ დოზას ქვეყანა ივნის-ივლისში მიიღებს.