საქართველოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, პირველი მოსმენით დაამტკიცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელთა თანახმად, წვრილმანი ხულიგნობის გამეორება და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა უფრო მკაცრად უნდა დაისაჯოს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატთა ჯგუფის მიერ ინიცირებული კანონპროექტით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვით, წვრილმანი ხულიგნობის ჩამდენი პირის მიერ ამ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1500-დან 2000 ლარამდე, ან 7-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას.
დღეს მოქმედი კოდექსის ეს მუხლი მხოლოდ ერთი ნაწილისგან შედგება და ითვალისწინებს 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას, ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას.
პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით დამტკიცებული ცვლილებები ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლსაც. კანონპროექტის მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი, ან მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა, ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000-დან 3000 ლარამდე თანხით, ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას. ასეთი ქმედების განმეორებით ჩამდენს დაეკისრება 3500-დან 4500 ლარამდე ჯარიმა, ან 10-დან 15 დღემდე ვადით დააპატიმრებენ.
კოდექსის მოქმედი რედაქციით, ეს მუხლი ითვალისწინებს 1000-დან 4000 ლარამდე ჯარიმას, ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას.
კანონის გამკაცრებას მისი ინიციატორები იმით ხსნიან, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სახდელების მიუხედავად, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევები მზარდია.
უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტთა შეფასებით, კანონის გამკაცრება მიმართულია საპროტესტო აქციების წინააღმდეგ, რადგან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ამ ორი მუხლით ხშირად აკავებენ სწორედ საპროტესტო აქციების მონაწილეებს.
ამას უარყოფს კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. როგორც მან პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა: „ეს დარღვევები შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მოქალაქესთან მიმართებაში. არანაირი კავშირი ამას არ აქვს მშვიდობიან შეკრებასთან. თუ მშვიდობიანი შეკრება გადაიზრდება კანონდარღვევაში, რა თქმა უნდა, იქაც მოხდება რეაგირება, თუმცა, ეს არანაირად არ უკავშირდება ამას“.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა 76-მა დეპუტატმა. 2 წინააღმდეგი იყო.