ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა თავისი გადაწყვეტილების თაობაზე, მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და კენჭი იყაროს თბილისის მერის პოზიციაზე, ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა.
"გადავწყვიტე თბილისის მერობის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა მივიღო", - წერს ადვოკატი.
როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ამ საკითხზე დიდი ხანია ფიქრობს, 2017 წელს შეთავაზებაც ჰქონდა თავისი გარემოცვისგან, რომ მიეღო არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა მაშინ, როგორც "ციანიდის საქმის" ადვოკატმა, ეს ვერ შეძლო და ახლა მოსინჯავს ძალებს. მიხეილ რამიშვილი ამ ეტაპზე დარწმუნებით არ ამბობს, რომ როგორც კანდიდატი დარეგისტრირდება ცესკოში და ამბობს, რომ დაელოდება ხალხის რეაქციას და თუ მისი ეს ინიციატივა მისაღები იქნება, მაშინ დაიწყებს წინასაარჩევნო კამპანიას. ადვოკატი ჯერ არც გუნდზე, არც შესაძლო დამფინანსებლებზე არ საუბრობს და ამბობს მხოლოდ იმას, რომ მისი მიზანი სოციალური მდგომარეობის გამოსწორება იქნება დედაქალაქში, "რომელსაც ისევე სჭირდება გაფრთხილება, როგორც დედას".
"მე მინდა ასე დამოუკიდებლად, თუ იქნება საზოგადოების და ხალხის გადაწყვეტილება მიღებული, დაუბრუნდეს თბილისს ის პირვანდელი მდგომარეობა, რომელიც იყო რამდენიმე წლის უკან, როდესაც მამაჩემს ჰქონდა ასეთი სიტყვები: ყველა შენ გეტრფის ჩემო თბილისო, ქვეყანას შენი ნახვა სწადია. ასეთი მოწყურება უნდა იყოს და ასე უნდა ჩამოდიოდნენ დედაქალაქში", - ამბობს მიხეილ რამიშვილი.
ადვოკატ მიხეილ რამიშვილს აქვს თბილისის მერიაში მუშაობის გამოცდილება, კერძოდ: 1995-1996 წლებში ის თბილისის მერიის ადმინისტრაციული ინსპექციის უფროსი ინსპექტორი იყო,
1996-2000 წლებში - თბილისის მერიის ქონების მართვის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის შემოდგომაზე იმართება. ამ დროისთვის არც მმართველ და არც ოპოზიციურ პარტიებს ოფიციალურად არ დაუსახელებიათ, ვინ იქნება მათი რიგებიდან თბილისის მერობის კანდიდატი.