Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაზარაძემ დაასახელა ევროპარლამენტარი, რომელიც მზად არის ნიკა მელიას თავდებად დაუდგეს


მამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე

ბრიუსელში მყოფმა „ლელო"-ს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ დაასახელა ევროპარლამენტარი, რომელიც, მისი თქმით, მზად არის, თავდებად დაუდგეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ნიკა მელიას.

როგორც ხაზარაძე ამბობს, ევროპარლამენტარი რიჰო ტერასი („ევროპის სახალხო პარტიის" ჯგუფის წევრი, ესტონეთის შეიარაღებული ძალების ყოფილი ხელმძღვანელი) ამისთვის მზად არის.

მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში „ლელო"-ს შესვლის საკითხზეც ილაპარაკა: „გახსოვთ, ჩვენი პარტიის პოზიცია, რომ პარლამენტში შესვლას არ ვაპირებდით, მელიას გათავისუფლებამდე. ახლა სწორედ, ამას ვაკეთებთ, რომ ამ თავდებობის მექანიზმით ის გამოვიყვანოთ საპყრობილედან. მაგრამ არის მეორე საკითხი, თუ ეს არ მოხდა და რაღაც მიზეზის გამო ეს მცდელობაც ჩაშალა ხელისუფლებამ, მაშინ, სხვა გზა არ დაგვრჩენია, რომ ჩვენ შევიდეთ პარლამენტში, იმიტომ, რომ მელია გავათავისუფლოთ".

19 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ და პარლამენტის მანდატების მქონე ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს, რომლის მიზანია საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისის დაძლევა პარლამენტში ოპოზიციის შესვლის და საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განხორციელების, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხების მოგვარებისა და პარლამენტში ძალაუფლების განაწილების გზით.​

პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებასთან დაკავშირებით, კერძოდ, დოკუმენტში წერია, რომ „საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების განსახორციელებლად, ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ამ შეთანხმების გაფორმებიდან ერთი კვირის განმავლობაში განიხილონ პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორი შემთხვევა, ამნისტიით ან / და ისეთი ნაბიჯებით, რომელიც ეკვივალენტური შედეგის მომცემი იქნება. კერძოდ, ხელშეკრულების ხელმოწერიდან ერთ კვირაში, პარლამენტში წარმოდგენილი მხარე შეიტანს ამნისტიის შესახებ კანონს 2019 წლის 19-21 ივნისის საპროტესტო აქციების შედეგად წარმოქმნილი ყველა დარღვევისა და განხორციელებული დასჯის შესახებ“.

შეთანხმებას ხელი არ მოაწერა "ნაციონალურმა მოძრაობამ", "ევროპულმა საქართველომ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ". ისინი მოითხოვენ პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობიდან უპირობოდ გათავისუფლებას და არა გირაოს გადახდის, ან ამნისტიის საფუძველზე. გირაოს გადახდისა და ამნისტიის კანონის საფუძველზე გათავისუფლების წინააღდეგ თავად ნიკა მელიამ 22 აპრილს კიდევ ერთი განცხადება გააკეთა.

"20 ივნისის ამნისტია დაუშვებელია, ისტორიის გადაწერის უფლებას არ მოგცემთ! - დაწერა მან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG