Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე კიევში დაბრუნდა


ვასილი ბოდნარი და თეიმურაზ შარაშენიძე
ვასილი ბოდნარი და თეიმურაზ შარაშენიძე

თითქმის ერთწლიანი შესვენების შემდეგ კიევში დაბრუნდა საქართველოს ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, საქართველოს ელჩის უკრაინაში დაბრუნების შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 15 აპრილს გამართული სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ.

ამავე ინფორმაციით, 21 აპრილს საქართველოს ელჩს უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვასილი ბოდნარი შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების გაღმავებისა და ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობას, რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით. მათ შორის საუბარი შეეხო უკრაინის აღმოსავლეთითა და აზოვ-შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობის მზარდ გამწვავებას, რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევას და რუსეთ-უკრაინის საზღვარზე და დროებით ოკუპირებულ ყირიმში ჯარების მობილიზებას.

თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე მოვალეობების შესრულებას მიმდინარე წლის 21 აპრილს შეუდგა და შეხვედრები გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასთან და მინისტრის მოადგილესთან ვასილ ბოდნართან.

ინფორმაციის თანახმად, შეხვედრებზე უკრაინული მხარე მიესალმა თბილისის გადაწყვეტილებას ელჩის დაბრუნების თაობაზე და პოზიტიურად შეაფასა აღნიშნული ნაბიჯი განსაკუთრებით უკრაინის საზღვრებთან და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ესკალაციის ფონზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ელჩმა ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელ ხალხს და მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიურად ითანამშრომლონ საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი უკრაინიდან კონსულტაციისთვის გამოიძახა 2020 წლის მაისში, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დანიშნა რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ. საქართველოს მთავრობაში სააკაშვილის დანიშვნას საქართველოს ხელისუფლებისგან მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აცხადებდა, რომ საქართველო უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხს არ განიხილავდა, თუმცა უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა კითხვებს იწვევდა და ამისთვის ელჩის საქართველოში გამოწვევა და მასთან კონსულტაციები იყო საჭირო.

XS
SM
MD
LG