აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი ჯინ შაჰინი და ქვეკომიტეტის რესპუბლიკელი წევრი რონ ჯონსონი მიესალმნენ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას.
სენატორების თანახმად, საქართველოს გვერდით უდგანან დემოკრატიის დაპირების შესრულებაში და მოხარულნი არიან, რომ 6 თვის შემდეგ ქვეყანამ მიაღწია შეთანხმებას პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად.
სენატორები შაჰინი და ჯონსონი აღნიშნავენ, რომ საქართველოს პოლიტიკური ბედი პირდაპირ გავლენას ახდენს არა მხოლოდ მის ხალხზე, რომელიც პოლიტიკურ არასტაბილურობასა და ეკონომიკურ სირთულეებთან ერთად განიცდის COVID-19-ის კრიზისის გავლენასაც, არამედ მსოფლიოში დემოკრატიის მდგომარეობის ნიშანიცაა.
ამერიკელი სენატორების შეფასებით, შეთანხმება ნაბიჯია სრულად ფუნქციონირებადი დემოკრატიის მიმართულებით. ჯინ შაჰინი და რონ ჯონსონი ყველა მხარეს მოუწოდებენ ქვეყნის საკეთილდღეოდ გაერთიანდნენ, რათა სრულად შესრულდეს შეთანხმება, რომელიც საარჩევნო და სასამართლო რეფორმებსაც მოიცავს და მომავალში პოლიტიკური ჩიხი თავიდან იყოს აცილებული.
სენატორების განცხადებით, მზად არიან საქართველოს მთავრობას და ხალხს დაეხმარონ ისეთი ქვეყნის მშენებლობაში, რომელიც მოქალაქეთა საჭიროებებს ემსახურება და გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას უზრუნველყოფს.
19 აპრილს, "ქართულმა ოცნებამ" და პარლამენტის მანდატების მქონე ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს, რომლის მიზანია საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისის დაძლევა პარლამენტში ოპოზიციის შესვლის და საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განხორციელების, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხების მოგვარებისა და პარლამენტში ძალაუფლების განაწილების გზით.