გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, მოსახლეობის ნაწილი გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზის პროექტის ნაწილობრივ შეცვლას ითხოვს.
ადგილობრივებმა დღეს სოფლის ცენტრში აქცია გამართეს. მათი განცხადებით, თუ არსებული პროექტის მიხედვით სამუშაოები გაგრძელდა, მათ კუთვნილ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე მისვლა შორი გზით მოუწევთ, რაც დამატებით დროსა და ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.
„პროექტი ისეა გაკეთებული, რომ ვეღარც ვენახში მივალთ და ვერც ყანაში. ის გზა უქმდება, რომლითაც მამაპაპისეულ მიწის ნაკვეთებში მივდიოდით და ტექნიკაც მიგვყავდა. გვეუბნებიან, რომ შემოვლითი გზით უნდა ვისარგებლოთ, რომელიც მეზობელ სოფელში, კოლაგშია, მაგრამ ეს გზა შორია და ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ ამ გზის მშენებლობის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ სოფელში ვცხოვრობთ და მიწებს ვამუშავებთ. მოვითხოვთ, პროექტი შეცვალონ და გზის ქვეშ გასასვლელი ხიდ-გვირაბი მოაწყონ“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ადგილობრივმა ვახტანგ ქურთიაშვილმა.
აქციის მონაწილეებს შეხვდა გურჯაანის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი კოტე ბერიძიშვილი. ისიც ამბობს, რომ პროექტი ადგილობრივებს პრობლემას უქმნის და შესაცვლელია.
„მუნიციპალიტეტის მერიას მოფიქრებული გვაქვს გამოსავალი. ეს არის გზის მოწყობა ავტობანის გვერდის ავლით, რომელიც სოფელს მინდვრებთან დააკავშირებს. ამაზე უახლოეს დღეებში ვიმსჯელებთ კომპანიასთანაც და საგზაო დეპარტამენტთანაც. ვფიქრობ კარგი შედეგი გვექნებაო”- განაცხადა ბერიძიშვილმა.
ბაკურციხე-გურჯაანის გზის 15 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. გზის დიდი ნაწილი უკვე დაგებულია.
პროექტის მიხედვით, გურჯაანი-ბაკურციხის გზა, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზას დააკავშირებს ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზასთან.
ახალი გზის მეშვეობით, ტრანსპორტი გურჯაანს და მჭიდროდ დასახლებულ 7 სოფელს გვერდს აუვლის. პროექტის ღირებულება 38 000 000 ლარია და მას მსოფლიო ბანკი აფინანსებს.