Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა მდინარაძე: "დღეს იმ დოკუმენტის მოდიფიცირებული ვარიანტი ვიხილეთ, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უკვე მოაწერა ხელი"


"იცით, რომ ჩვენი ხელმოწერა ევროკავშირის მიერ მოლაპარაკების მაგიდასთან წარმოდგენილ დოკუმენტზე უკვე დაფიქსირებულია, რაზეც სამწუხაროდ ოპოზიციამ ხელი არ მოაწერა. ანუ, დღეს იმ დოკუმენტის მოდიფიცირებული ვარიანტი ვიხილეთ, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უკვე მოაწერა ხელი", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ imedinews-თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

მან ასევე განმარტა, რატომ არ დაესწრნენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ შეხვედრას მმართველი გუნდის წარმომადგენლები: „პარტიის თავმჯდომარე არ იმყოფება საქართველოში, პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაშია. შესაბამისად, ამ ეტაპზე შეუძლებელია პოლიტსაბჭოს სხდომის და უმრავლესობის შეკრების სრულფასოვნად ჩატარება."

მამუკა მდინარაძის განცხადებით, როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება, პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის შეკრება, მაშინ გაახმოვანებენ პარტიის ერთიან პოზიციას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

"რაც შეეხება იმას, რატომ არ იყვნენ ჩვენი წარმომადგენლები დღევანდელ შეხვედრაზე, ჩვენ ამის შესახებ პარტნიორები წინასწარ ჩავაყენეთ საქმის კურსში და ბუნებრივია,მათ ეს იცოდნენ. მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ამ შეხვედრაზე არა „ქართულ ოცნებასთან“, არამედ სალაპარაკო იყო ოპოზიციასთან დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით“, - განუცხადა მამუკა მდინარაძემ imedinews-ს.

18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - " სამომავლო გზა საქართველოსთვის", რომელიც მისი წარმომადგენლის, ქრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში აზუსტებს ორ ძირითად შეუთანხმებელ პუნქტს - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG