Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნება“: ახლა ჯერი ოპოზიციაზეა


„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მმართველი გუნდი ამბობს, რომ ევროკავშირის და პრეზიდენტ შარლ მიშელის ეგიდით წარდგენილ დოკუმენტზე მათი ხელმოწერა უკვე დაფიქსირებულია და, შესაბამისად, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ნაწილმა უარი განაცხადა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეების მიერ მინიჭებული საპარლამენტო მანდატის განხორციელებაზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გამოხატა მზადყოფნა, ჩართულიყო მხარეებს შორის მედიაციაში. პრეზიდენტმა მიშელმა გამოგზავნა თავისი წარმომადგენელი ქრისტიან დენიელსონი, რომელმაც ევროკავშირის ეგიდით შეაფასა მხარეთა პოზიციები და აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების აქტიური ჩართულობით შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც მხარეებს შორის სამართლიანი შეთანხმების პირობებს ადგენდა. „ქართულმა ოცნებამ“, ქვეყნის წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს და დამატებით გამოხატა მზადყოფნა თვითმმართველობის არჩევნებზე ნდობის 40%-იანი პრინციპის გამოყენებაზე. „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმების მისაღწევად არაერთი მნიშვნელოვანი კომპრომისული ნაბიჯი გადადგა. ჩვენი მხრიდან ევროკავშირის და პრეზიდენტ შარლ მიშელის ეგიდით წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა უკვე დაფიქსირებულია. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. მოვუწოდებთ ოპოზიციას, ქვეყნის ინტერესები დააყენოს ყველაფერზე მაღლა და ხელი მოაწეროს აღნიშნულ დოკუმენტს“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, მმართველი პარტია შეახსენებს ოპოზიციას, რომ საქართველო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას და, რომ „საქართველო ებრძვის პანდემიას და პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს. რეგიონში შექმნილია რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობა. ასეთ დროს, მიგვაჩნია, რომ მთელი ქვეყანა უნდა იყოს გაერთიანებული საერთო გამოწვევების გარშემო, ხოლო პოლიტიკოსები ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრაზე უნდა მუშაობდნენ”.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა კიდევ ერთხელ, 19:00 საათამდე გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაცია მედიას ევროკავშირის წარმომადგენლობაში განუცხადეს. უცნობია, რა მიზეზით მოხდა ჩანიშნული შეხვედრის კიდევ ორი საათით გადადება. შეხვედრა თავდაპირველად 14:00 საათზე დაანონსდა, შემდეგ კი 17:00 საათამდე გადაიწია. ცნობილია, რომ „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელისა და აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მონაწილეობით ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG