ბათუმში დააკავეს მოჭიდავეები, ძმები ფირუზ და რევაზ წულუკიძეები. ეს ინფორმაცია მედიას წულუკიძეების მეგობრებმა მიაწოდეს. წინასწარი მონაცემებით, დაკავებულია კიდევ 4 პირი.
ფირუზ და რევაზ წულუკიძეები იმყოფებოდნენ იმერეთში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტების მხარდასაჭერად. წულუკიძეების ერთ-ერთი მეგობრის თანახმად, უცნობმა პირებმა ფირუზ წულუკიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც ჩხუბში გადაიზარდა. ძმები ბათუმში დაბრუნების შემდეგ, წუხელ დააკავეს.
რადიო თავისუფლება შსს-სგან კომენტარს ელოდება. წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ან მასში მონაწილეობა.
ძმები წულუკიძეები აქტიურად მონაწილეობდნენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით ოპოზიციის მიერ ბათუმში ორგანიზებულ საპროტესტო აქციებში.
2021 წლის იანვარში წულუკიძეები მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციაში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში, სადაც ადგილობრივ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა მინარეთის მშენებლობის შესახებ გავრცელებული დაუდასტურებელი ცნობების საფუძველზე.