Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი: ენა ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი განმსაზღვრელია


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დედაენის დღისადმი მიძღვნილ მიმართვას აქვეყნებს. „დედაენის დღის აღნიშვნისას, პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ ენა ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი განმსაზღვრელია იმ დროიდან თუნდაც, როცა გიორგი მერჩულემ დაგვიტოვა ცნობილი სიტყვები: „ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირიცხების, რომელსაც შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“, - ნათქვამია ზურაბიშვილის განცხადებაში.

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, ქართული ენა მჩაგვრელი თუ შემავიწროებელი არასოდეს ყოფილა, თუნდაც თავისი ყოფილი დამპყრობლების ენის. მისი შეფასებით, ეს შემწყნარებლობა დღემდე მოგვყვება და ქმნის საქართველოს სახელმწიფოს განსაკუთრებულობას.

„ჩვენ ეთნიკურ უმცირესობებს ისეთი პირობები შევუქმენით საკუთარი წარმოშობის ენისა და კულტურის შესანარჩუნებლად, რომ მეორე უკიდურესობაში გადავედით და ამით ჩვენვე ვქმნით პრობლემას მათი სრულყოფილი ინტეგრაციის გზაზე, რამეთუ სრულყოფილ ინტეგრაციას სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნაც სჭირდება. ამაზე ერთად კიდევ უნდა ვიმუშავოთ", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი და ამატებს, - „ასევე, ვჩაგრავთ ჩვენი ენის ფუძე ენებს - მეგრულსა და სვანურს. რატომღაც გვეშინია ქართულის უმდიდრეს ლიტერატურულ ენად ჩამოყალიბებაში მათი როლის აღიარება. მეგრულიც და სვანურიც ჩვენი საგანძურია, რომელსაც უნდა ვიცავდეთ და ვანიჭებდეთ სწორ ადგილს. ყველა მსურველს უნდა ჰქონდეს სკოლაში ამ ენების არჩევით შესწავლის საშუალება და არ უნდა ვემორჩილებოდეთ ცრუ შიშებს!“

პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ დედაენის დღე შეარჩია და ღირსების მედლით დააჯილდოვა ადამიანები, ვინც სხვადასხვა კუთხით ემსახურებიან ქართული ენის გადარჩენასა და განვითარებას.

  • ამისი ერთ-ერთი მაგალითია ბატონი ვახტანგ ელერდაშვილი, რომელმაც მის ირგვლივ გაერთიანებულ ადამიანებთან ერთად სწორედ ციფრული ინსტრუმენტები შექმნა და ქართული ენა ციფრულ სივრცეში შეიყვანა.
  • ბატონმა ზაქარია ფურცხვანიძემ კი, გერმანულ სამეცნიერო სივრცეში ქართული ენის კვლევითი მიმართულება გააცოცხლა და ქართული ენა გააჟღერა გერმანულ საზოგადოებრივ მაუწყებელზე.
  • ქალბატონი მაია დარჩია და ქალბატონი ლელა ჟორჟოლიანი წლების მანძილზე ასწავლიან ქართულ ენას პრაღის კარლის უნივერსიტეტში, თარგმნიან და აცოცხლებენ მას.
  • თანამედროვე მოთხოვნებმა არ უნდა დაგვავიწყოს ძველი ქართული ენის და მწერლობის კვლევები, რომლებიც გვიხსნიან იმ მდიდარ საფუძველს, რასაც ქართული ენა ეყრდნობა. ამ მიმართულებით გაწეული უდიდესი ღვაწლისათვის ვაჯილდოვებ პროფესორ ენრიკო გაბიძაშვილს.
XS
SM
MD
LG