Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნამახვანის პროტესტი გუმათიდან ქუთაისში, "ენკას" ერთ-ერთ ბაზასთან გადაინაცვლებს


ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეებმა, მას შემდეგ რაც პოლიციამ არ მისცა საშუალება სოფელ გუმატიდან სოფელ ნამოხვანის მიმართულებით გადაადგილებულიყვნენ, მიიღეს გადაწყვეტილება, მშვიდობიანი პროტესტი ქუთაისში, ჰესის ინვესტორ კომპანია "ენკას" ოფისთან გადაიტანონ.

"მშვიდობიანად "ენკას" მოვუწოდოთ რომ დატოვოს ხეობა. ყოველგვარი ქსენოფიბიის და ლანძღვა-გინების გარეშე, უბრალოდ შეძახილებით მოვუწოდოთ, დატოვოს ხეობა. ნუ გავალთ კანონის ფარგლებიდან, ახლოს არის მათი ოფისი და შევძლებთ, მივაწვდინოთ ხმა" - უთხრა შეკრებილებს პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა. აქციის მონაწილეები ფეხით გადაადგილდებიან.

სოფელ გუმათთან სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული, ისინი ხეობაში გადაადგილებას ზღუდავენ - დღის 4 საათისთვის აქციის მონაწილეებს ჰქონდათ მცდელობა გაერღვიათ პოლიციის მიერ აღმართული კორდონი და რკინის ბარიერები, გაარღვიეს კიდეც რკინის კონსტრუქციები, თუმცა დამატებითი დაძაბულობის თავიდან არიდების მიზნით, მას შემდეგ, რაც პოლიციამ გზა არ გახსნა, უკან დაიხიეს.

აქციის მონაწილეები და საქართველოში მომუშავე ორგანიზაციები თვლიან, რომ პოლიცია გადაადგილების კონსტიტუციურ უფლებას ზღუდავს, სამართალდამცველები აქციაზე შეკრებილებს ეუბნებოდნენ, რომ ისინი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებოდნენ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში.

შემოვლითი გზით ქუთაისისკენ მიდის პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმები და წყლის ჭავლის მანქანებიც.

დღესვე იმ ადგილას, სადაც თვეების განმავლობაში პროტესტის მონაწილეებს კარვები ჰქონდათ გაშლილი, კომპანიის ტრაქტორმა დაამუშავა იმგვარად, რომ იქ კონსტრუქციების აღმართვა შეუძლებელი გახდა, თავად კომპანიამ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეს ადგილი, რომელიც ადგილობრივების მტკიცებით გაყიდული არ არის, 2019 წლიდან "ენკას" კუთვნილებაა.

სოფელ ნამოხვანში პოლიციამ კვირას საღამოს რიონის ხეობის დამცველების კარვები დაშალა. შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ზონიდან კარვების გატანისა და მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო იმის გამო, რომ მდინარე რიონში წყლის დონე სასიგნალო ნიშნულს აღემატება.

რიონის ხეობაში გადაადგილება შეზღუდულია 3 აპრილის შემდეგ და სოფელ გუმათში საპოლიციო ძალები აკონტროლებენ ხეობის შესასვლელს. გზა გადაკეტილია რკინის ჯებირებით და პოლიციელები ამოწმებენ როგორც კერძო, მსუბუქ ავტომანქანებს, ასევე სამგზავრო მიკროავტობუსებს.

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ მშენებლობის წინააღმდეგ სოფელ ნამოხვანში 168 დღეა კარვებია გაშლილი. აქტივისტებმა ერთი კვირის წინ, მას შემდეგ, რაც პოლიციამ ნამოხვანისკენ გადაადგილება შეზღუდა, კარავი გაშალეს სოფელ გუმათშიც. სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია „ენკა რინიუებლზის“ დირექტორის მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.

ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია.

რიონის ხეობაში, კერძოდ, ჯერ სოფელ ჟონეთსა და შემდგომ ნამოხვანში, მიმდინარე პროტესტი თითქმის ნახევარი წელია გრძელდება. საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მშენებლობის შეჩერებას და თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას მოითხოვენ.

XS
SM
MD
LG